ოპოზიცია მეორე შანსის გამოყენებისთვის ემზადება. შეიქმნება თუ არა სასამართლო სისტემაში შესაძლო კორუფციის და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესასწავლად საგამოძიებო კომისია, 50 დეპუტატის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. 52 ოპოზიციონერთან კომუნიკაცია უკვე შედგა, ნაწილის მხრიდან ზეპირი თანხმობა მიღებულია, თუმცა ზოგიერთ მათგანის დარწმუნებას კოლეგები ამ დრომდე ცდილობენ.
საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ოპოზიციას 11 აპრილის რიგგარეშე სესიაზე უნდა დაეყენებინა. სხდომის მოწვევა პრეზიდენტსაც სთხოვეს, თუმცა სესიამდე რამდენიმე საათით ადრე გაირკვა, რომ საპარლამენტო უმცირესობა საკმარის ხმებს ვერ აგროვებდა. მიზეზი "ნაციონალური მოძრაობის" ორი დეპუტატის ლევან ხაბეიშვილისა და ანი წითლიძის უცხოეთში გამგზავრება დასახელდა. ისინი, ვინც კოლეგების ნაწილმა უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა ამბობენ, რომ ხვალინდელ სხდომას დაესწრებიან და კომისიის შექმნასაც მხარს უჭერენ.
საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ საგამოძიები კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ოპოზიციას არგუმენტები არ აქვს. უმრავლესობაში განმარტავენ, რომ კომისიის არსებობას მხარს მხოლოდ იმ მიზეზით არ უჭერენ, რომ მის აუცილებლობას ვერ ხედავენ. "ქართული ოცნების" წევრების ნაწილი დარწმუნებულია, რომ მსგავსი კომისია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას საფრთხეს შეუქმნის.
საპარლამენტო ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბარი მას შემდეგ გაააქტიურა, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა 3 მოქმედ, ერთ ყოფილ მოსამართლეს და მათი ოჯახის წევრებს კორუფციულ საქმიანობასთან კავშირების გამო შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლა შეუზღუდა.