თავდაცვის მოქმედი მინისტრი ყოფილს ახალ ბრალდებებს უყენებს - დავით კეზერაშვილს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ, 5 მილიონი ევროს გადახდა უკვე დაეკისრა, თუმცა, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, სამინისტროში არსებობს დამატებით ასეულობით მილიონი ლარის დავალიანება, რომელიც აღრიცხული არ არის. თავდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, ახალი დანაშაულის კვალი გამოჩნდეს.
დავით კეზერაშვილის თემის გააქტიურება, როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" ფიქრობენ, ხელისუფლების მცდელობაა ყოფითი პრობლემები გადაფაროს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე დავით კეზერაშვილის ფინანსებთან პარტიის კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ ნებისმიერი გამოძიების პირობებში, თავდაცვის ყოფილი მინისტრი კითხვებზე პასუხს თავად გასცემს.
დაიწყება თუ არა დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება, ჯერ უცნობია. იქამდე, მის სახელს დაუკავშირა BBC-მ ე.წ. ქოლცენტრების საქმე. ჟურნალისტური გამოძიება თავდაცვის ყოფილ მინისტრს მასშტაბური თაღლითური სქემის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად ასახელებს.
მილიარდიანი თაღლითური სქემა, რომლის შემქმნელები თქვენს დანაზოგს იპარავენ - საგამოძიებო რეპორტაჟში BBC დეტალურად აღწერს, თუ რა სქემით მოქმედებდა წლების განმავლობაში ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომლის ჩრდილოვან მმართველად საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი სახელდება.
ქოლცენტრების სახელით ცნობილი საერთაშორისო თაღლითური ჯგუფი, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს, ძირითადად პენსიონერებს, დიდი ოდენობით თანხებს მოტყუებით სძალავდა. BBC-ის რეპორტაჟის მთავარი გმირი დავით კეზერაშვილი, დანაშაულის ცენტრში კი მის სახელთან ასოცირებული კომპანია Milton group-ია.
ჟურნალისტურ გამოძიებაში გვხვდება სხვა ქართული გვარებიც - დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი.
საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი აცხადებს, რომ BBC-ის საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლცენტრებთან კავშირი არასდროს ჰქონია და მზადაა საერთაშორისო სასამართლოებთან ითანამშრომლოს.