მოდელირებული რეალობა - ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, რიკოთთან მიმართებაში არაერთი დეზინფორმაცია და ცილისწამება შეგნებულად გავრცელდა.
ირაკლი ქარსელაძემ განმარტა, თუ რა პროცესები განვითარდა რიკოთზე. მისივე თქმით, ნაპრალები არსებული გზიდან 200 მეტრში განვითარდა, რომელიც შეიძლებოდა მეწყრულ პროცესებში გადასულიყო, აღნიშნულს კი არანაირი კავშირი არ აქვს ახალ მშენებლობასთან.
"ვიხილეთ ძალიან ბევრი ტყუილი, ამ ტყუილზე დაყრდნობით მოსახლეობის კიდევ უფრო ხელოვნურად დაძაბვა, დაშინება, რომ რაღაც უსაფრთხო არ არის, რომ რაღაც ვერ ხერხდება. თუ ვინმე ამასთან კავშირში იყო, აბსოლუტურად ყველა გალანძღეს, ასე უმიზეზოდ. ამას აკეთებდა ხალხი, რომელსაც ნახევარი სარაია არ აქვს აშენებული, უხერხულია, ამაზე რომ ვლაპარაკობ.
არ სჭირდება ამას ხელოვნური დაძაბვა და მითუმეტეს, ხელოვნური დაძაბვა თუ ეს ხდება ტყუილების, დამახინჯებული, ბოლომდე არ ნათქვამი, მანიპულირებადი მონაცემებიდან და ჰაერიდან მოტანილი ამბიდან. ასე არ შეიძლება! ამას რომ აკეთებ და პირდაპირ ეთერშიც აცხადებ, რომ ახლა დამირეკეს, გზა დაკეტეს, რადგან მეწყერი ჩამოვიდაო, ამ დროს არაფერი ხდება, ამას რა ჰქვია? მოდელირებული რეალობა, მოდელირებული „ქრონიკა“, ამას ვერ გაცდა ეს ხალხი,"- აცხადებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე.