15 ნოემბერი 2024,   06:10
ვრცლად
ევროკავშირის გზაზე პროგრესის ტემპი დამოკიდებულია საკვანძო რეფორმების განხორციელებაზე - ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს პასუხობს, რომლებმაც მას ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ მიმართეს.

როგორც ევროკომისარი აცხადებს, ევროკავშირი მადლიერია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მონიტორინგის პროცესში ჩართულობისთვის.

„საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძვირფასო წარმომადგენლებო, მადლობას გიხდით თქვენი 2023 წლის 24 მარტის წერილისთვის საქართველოს მიერ ევროკომისიის 2023 წლის 17 ივნისის მოსაზრებაში განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით. ნება მომეცით, პირველ რიგში, ხაზი გავუსვა ჩვენს ერთგულებას ევროპულ გზაზე საქართველოს მხარდაჭერის შესახებ. სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ ძალისხმევაში და ასევე არსებითი როლი აქვს დემოკრატიული სახელმწიფოს დაცვის კუთხით. ჩვენ მადლიერი ვართ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მონიტორინგის პროცესში ჩართულობისთვის, ისევე როგორც მისი წვლილისთვის პოლიტიკის ფორმირებაში.

როგორც თქვენს წერილშია აღნიშნული, 2022 წლის 23-24 ივნისს ევროპულმა საბჭომ მიანიჭა საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ გადაწყვეტილების შემდგომ კომისია ყურადღებით აკვირდება საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის მიმართულებით და ხელს უწყობს საქართველოს ძირითადი საკითხების რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად მოგვარებაში. ამავდროულად, ისევე როგორც გაფართოების პოლიტიკის მონაწილე ყველა ქვეყნის შემთხვევაში, ევროკავშირის გზაზე პროგრესის ტემპი დამოკიდებულია საკვანძო რეფორმების განხორციელებაზე. კომისია 2023 წლის გაზაფხულზე ზეპირად წარუდგენს საბჭოს განახლებულ ინფორმაციას საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე. ამ განახლების ვადები და მოდალობები კვლავ განხილვის სტადიაზეა. ოფიციალური ანგარიში პრიორიტეტების იმპლემენტაციის შესახებ იქნება კომისიის გაფართოების ყოველწლიური პაკეტის ნაწილი შემოდგომაზე“, – ნათქვამია ვარჰეის წერილში.

23 მარტს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ოლივერ ვარჰეის მიმართეს, რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებული შუალედური შეფასება საჯარო იყოს.

დღის ამბები