პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საგამოძიებო კომისიის ინიციატორ დეპუტატს ხათუნა სამნიძეს მიმართა. მამუკა მდინარაძე დაინტერესდა, რა მიზანს ემსახურება საგამოძიებო კომისიის შექმნა.
მამუკა მდინარაძემ კითხვით მიმართა ხათუნა სამნიძეს, ხომ არ დააზიანებს ეს ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესს.
"იქნებ ჩვენც გვითხრათ და საზოგადოებას უთხრათ, რა მიზნებს ემსახურება? იმ დროს, როდესაც ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში ვართ, დღეს ეს საკითხი რისკენაა მიმართული? სულ რომ საფუძველი გქონდეთ, ხომ არ გეჩვენებათ, რომ დღეს ეს პირიქით ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესს უფრო დააზიანებს. სულ რომ სწორი მოლოდინი გქონდეთ ამ კომისიისგან, ეს წაადგება, რომ ჩაგვითვალონ რეკომენდაციების შესრულებად, თუ არ წაადგება?
წლების განმავლობაში ქართულმა სახელმწიფომ პარტნიორების დახმარებით უამრავი რეფორმა განახორციელა, რეფორმის ოთხი ტალღა განახორციელა და სასამართლო ყველა გამოკითხვით, ავტორიტეტულ ორგანიზაციებს ვგულისხმობ, ქვეყნის მოსახლეობის ნახევრის ნდობას იმსახურებს, ეს ხომ არ არის ამის წინააღმდეგ მიმართული?
იქნებ თქვენვე მითხრათ ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში ეს რა როლს ითამაშებს, პოზიტიურს თუ ნეგატიურს? და რაც ყველაზე მთავარია, ხომ არ არის მიმართული სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.