15 ნოემბერი 2024,   06:08
ვრცლად
დავით კეზერაშვილი აცხადებს, რომ "ფორმულას" საკონტროლო პაკეტს თმობს - რა პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა თბილისში თავდაცვის ყოფილი მინისტრის გადაწყვეტილებას

51-პროცენტიანი საკონტროლო პაკეტიდან დავით კეზერაშვილი ტელეკომპანია Formula-ს 25 პროცენტზე უარს ამბობს. ეს არის პირველი ნაბიჯი და ასევე პირველი ვრცელი განმარტება დავით კეზერაშვილის მხრიდან, BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ. ბრიტანულმა მაუწყებელმა სწორედ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დაასახელა ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი სქემის სათავეში. კეზერაშვილი მის ირგვლივ შექმნილ გარემოს მძიმეს უწოდებს, თუმცა ამბობს რომ პროცესებიდან გასვლას არ აპირებს. BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების ავტორს საქმიანი რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს და უცნაურ დამთხვევას უწოდებს, რომ მისი მასალები რუსული რეჟიმის ცრუ ნარატივებს ემთხვევა.

კეზერაშვილის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა Formula-ს მენეჯმენტისთვის. არხის წარმომადგენლების თქმით, 25-პროცენტიან წილს კოლექტივზე გადაანაწილებენ, თუმცა ვინ იქნებიან სიაში ჯერ არ იციან. გამოწვევა არხისთვის ახლა ისეთი იურიდიული ჩარჩოს შექმნაა, რომლის მიხედვითაც ვერცერთი მფლობელი საკონტროლო პაკეტის მფლობელი ვერ გახდება და სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრის შესაძლებლობაც არ ექნება. Formula-ში ცვლილებებია, თუმცა არ იცვლება მთავარი - დაფინანსების წყარო - ტელეკომპანიის ფინანსურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობას კვლავ დავით კეზერაშვილი იღებს.

დავით კეზერაშვილის პოზიციას ფარისევლურს უწოდებს ოპოზიციის ნაწილი, ნაწილისთვის კი ტრანსნაციონალურ დანაშაულში მხილებული ყოფილი თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება მისასალმებელია. კეზერაშვილის პოლიტიკური პარტნიორები ამბობენ, რომ საგამოძიებო რეპორტაჟში მოყვანილ ფაქტებს სამართლებრივი პასუხი უნდა გაეცეს.

კეზერაშვილის ფორმულა საპარლამენტო უმრავლესობისთვის არა ტელეკომპანიიდან დისტანცირებას, არამედ Formula-ს გადამალვის მცდელობაა. უმრავლესობის ნაწილს კითხვები აქვს, რატომ არ თმობს კეზერაშვილს ტელევიზიის სრულ წილს?!

"მილიარდიანი თაღლითური სქემა, რომლის შემქმნელები თქვენს დანაზოგს იპარავენ" - ამ სახელით საგამოძიებო რეპორტაჟი BBC-იმ გასულ კვირას გამოაქვეყნა. საუბარია ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი დაჯგუფებაზე, რომლის ერთ-ერთ ჩრდილოვან მმართველადაც სწორედ დავით კეზერაშვილი დასახელდა.

 

დღის ამბები