15 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა გაურკვეველი ვადით გადაიდო - რატომ ვერ მიაღწია ორად გახლეჩილმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ერთობას ოპოზიციაში

"ნაციონალურმა მოძრაობამ" სამოქმედო გეგმა დღეს ბიუროს სხდომის დაწყებამდე შეცვალა. პარტიამ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა დღის წესრიგში აღარ დააყენა და გაურკვეველი ვადით გადადო. საკითხის ინიცირების ნაცვლად, ექსპრეზიდენტის თანაგუნდელებმა, ტრიბუნა პოლიტიკური მოწოდებებისთვის გამოიყენეს და კოლეგებს კონსულტაციების დაწყება შესთავაზეს.

ოპოზიციის გარკვეული ნაწილის პოზიცია წინასწარ უკვე ცნობილია. კონსულტაციებისთვის მაგიდასთან დაჯდომას არ გეგმავს გიორგი გახარიას პარტია და ""მოქალაქეები"". სააკაშვილის საკითხზე საგამოძიებო კომისიის მომხრე არც ""ევროპელ სოციალისტებში"" მოიძებნა.

მმართველი გუნდი, "ნაციონალურ მოძრაობას" ყოფილი პრეზიდენტის საქმის პოლიტიზებაში ადანაშაულებს. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა უსაფუძვლოა, რადგან სააკაშვილი დამნაშავეა და სასჯელი კანონის შესაბამისად უნდა მოიხადოს.

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი კი ევროსასამართლოს ვერდიქტის მოლოდინშია, ოჯახი ისევ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს.

მმართველი გუნდი, ყოფილ პრეზიდენტს, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულირების ნაცვლად, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებას ურჩევს.

სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად "ნაციონალურ მოძრაობას" 50 ხმა სჭირდება. შეძლებს თუ არა პარტია ოპოზიციის დარწმუნებას, კონსულტაციების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

 

ავტორი: ანუკა ბუავა. 

დღის ამბები