11 ლოკაცია, ერთი მილიარდი ლარი - პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი პროგრამა იწყება. ინიციატივა მთავრობის სხდომაზე თავად ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.
ქუთაისი, წყალტუბო, ბორჯომი, ბაკურიანი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა, მესტიის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები - პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის, უკვე შერჩეულია ქალაქები და კურორტები. ბიუჯეტში კი 200 მილიონი ლარია გათვალისწინებული. პროგრამას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.
ახალი პროგრამა ქალაქებისა და კურორტების არეალების განვითარებას და მათი იერსახის განახლებას ითვალისწინებს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები პროგრამის შეფასებისას ამბობენ, რომ ქალაქებში ახალი მიზიდულობის ცენტრები გააჩნდება.
კულტურული და ისტორიული ობიექტების რეაბილიტაცია რეკონსტრუქცია, არსებული რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, ახალი ტურისტული ლოკაციების მოწყობა - მთავრობის ხელმძღვანელის განმარტებით ხელს შეუწყობს იმ გეგმის განხორციელებას, რომლის მიზანი საქართველოს ევროპული ტიპის სახელმწიფოდ გარდაქმნაა.
ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამა 5 წლის განმავლობაში განხორციელდება.