15 ნოემბერი 2024,   11:15
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სააკაშვილის მკურნალობის პროცესში პოლონელი ექიმების ჩართვისთვის ნებართვის გაცემას, დოკუმენტაციის წარდგენა და შესაბამისი პროცედურის გავლა სჭირდება

მიხეილ სააკაშვილის ოჯახის შეცვლილი პოზიცია - პოლონელ ექიმებთან დაკავშირებით გიული ალასანია აცხადებს, რომ ის ვერ ხედავს მათი მოწვევის საჭიროებას. მანამდე მისი პოზიცია განსხვავებული იყო და ოჯახი მედიკოსების ჩამოსვლას ელოდებოდა. ექსპრეზიდენტის დედამ სააკაშვილის ჯანმრთელობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა.

განცხადებას აკეთებს ჯანდაცვის მინისტრიც. ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ სამინისტროსგან პოლონელი ექიმების დოკუმენტებთან დაკავშირებით პროცედურული დაბრკოლება არ არსებობს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ჩასართავად პოლონელი ექიმებისთვის ნებართვის გაცემას დოკუმენტაციის წარდგენა და შესაბამისი პროცედურის გავლა სჭირდება.

"არის განაცხადი მხოლოდ შემოტანილი, რომელიც ითხოვს აღნიშნული ექიმების გრძელვადიანად ქვეყანაში მუშაობის უფლების გაცემას. შესაბამისი უფლების გაცემას სჭირდება დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რომელიც არც თუ ისე რთულია მოსაძიებლად. სამწუხაროდ ეს დოკუმენტაცია მას არ ახლდა თან. შესაბამისი განმარტება მიეცათ რეგულირების სააგენტოს თანამშრომლების მხრიდან თუ რა დოკუმენტაციაა საჭირო. იქ არის სხვადასხვა დოკუმენტაცია გამოცდილებასთან, სტაჟთან, კვალიფიკაციასთან დაკავშირებული, რადგანაც ისინი თხოულობენ საქართველოში მუშაობის უფლებას და ამ უფლების და ლიცენზიის გასაცემად არის ჩვეულებრივად იგივე პროცედურა გასავლელი, როგორც ქართველების შემთხვევაში," - აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო ზურაბ აზარაშვილი.

დღის ამბები