პარლამენტის წევრის თამარ კორძაიას განცხადებით, მმართველმა პარტიამ საქართველოს პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა.
კორძაიას თქმით, ოპოზიცია რეგლამენტით მინიჭებული უფლებების ფარგლებში ბრძოლას გააგრძელებს.
"დღეს ხელისუფლებამ ბოიკოტი გამოუცხადა საქართველოს პარლამენტს. ოპოზიციის 50 ხმა იმიტომ არის რეგლამენტში გაწერილი, რომ ოპოზიციას "ქართული ოცნების" თანხმობის გარეშე უნდა შეეძლოს საგამოძიებო კომისიის შექმნა. ჩვენ ვიბრძოლებთ, რა თქმა უნდა, ჩვენი რეგლამენტით მონიჭებული უფლებების ფარგლებში," - განაცხადა პარლამენტის წევრმა თამარ კორძაიამ.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას განცხადებით, მმართველი გუნდი, აშშ-ის მიერ დანაშაულში ეჭვმიტანილ მოსამართლეებს ხელს აფარებს.
"ხელს აფარებენ მოსამართლეებს იმ შემთხვევაშიც, როდესაც ისინი ეჭვმიტანილი არიან ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დანაშაულში. მგონია, რომ თავისი თავი უკვე ამოწურა. კომისია რომც შექმნილიყო, ამაზე მეტი რა უნდა დაემტკიცებინა, რაც ბოლო 2 დღის განმავლობაში ვნახეთ," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.