"თურმე კეზერაშვილს აქვს იურიდიული პროცედურების უფლება, ხოლო ქართველ მოსამართლეებს არა" - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, რითაც საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა.
"გვეუბნებით შემდეგ პარადოქსს - თურმე კეზერაშვილს აქვს იურიდიული პროცედურების უფლება, ხოლო ქართველ მოსამართლეებს არა. თურმე კეზერას მძარცველობა სასამართლომ უნდა დაადგინოს და ქართველი მოსამართლეები კი ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ლაფში უნდა ამოსვაროთ? იქნებ კარგად დაფიქრდეთ ხოლმე რას ამბობთ," - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
საქართველოში აშშ-ს ელჩი დღეს ქოლცენტრების საქმეზე "ბი-ბი-სის" საგამოძიებო რეპორტაჟს გამოეხმაურა.
"კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადებები, სადაც ბრალდებებს უარყოფს, აშკარაა, მეტი ინფორმაციაა საჭირო, იურიდიული პროცესი უნდა დაიწყოს და დარწმუნებული ვარ, დაიწყება" - აღნიშნა ელჩმა.
მან ასევე კომენტარი გააკეთა ოპოზიციის მოთხოვნაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც სანქცირებული მოსამართლეების საქმიანობის შესწავლას ითვალისწინებს.
"ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის გამოიძიოს კორუფციის შესახებ ბრალდებები სასამართლო სისტემაში, რაც ფართოდ იყო ცნობილი წლების განმავლობაში", - განაცხადა კელი დეგნანმა.