15 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ოჯახი მასთან უცხოელი ექიმების ჩამოსვლის საჭიროებას ვეღარ ხედავს - რატომ შეიცვალა მათი პოზიცია

გიული ალასანია პოლონელი ექიმების ჩამოსვლის საჭიროებას ვეღარ ხედავს. მიხეილ სააკაშვილის დედამ პოზიცია სტრასბურგის სასამართლოში საჩივრის გაგზავნის შემდეგ შეცვალა. ოჯახი ფიქრობს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა უცხოელი მედიკოსები კლინიკა "ვივა მედში" აღარ უნდა მიიღოს, რადგან სააკაშვილის მთავარი მოთხოვნა, მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაა.

პოლონელი ექიმების ჩამოსვლის საკითხს დღეს ჯანდაცვის მინისტრიც გამოეხმაურა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, უცხოელ მედიკოსებს განაცხადი გადმოგზავნილი აქვთ, თუმცა ლიცენზიის მისაღებად სპეციალური დოკუმენტაცია აღარ წარმოუდგენიათ.

ექსპრეზიდენტის მკურნალი ექიმი კი ამბობს, რომ სააკაშვილი ისევ შერჩევითად იკვებება. მედიკოსის თქმით, პაციენტი მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობას თანხმდება, რის გამოც ის დასუსტებულია და გადაადგილება უჭირს.

მიხეილ სააკაშვილის დედისგან განსხვავებული პოზიცია აქვს "ნაციონალურ მოძრაობას". ყოფილი პრეზიდენტის გარემოცვას უცხოელი სპეციალისტების ჯგუფის ჩამოსვლა ახლაც უნდა.

მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ექსპრეზიდენტი წინასწარ დაწერილი სცენარით მოქმედებს, რომლის მიზანიც მისი თავისუფლებაა. აქვე, საპარლამენტო უმრავლესობა მსჯავრდადებული სააკაშვილის მხრიდან სიმულაციების შექმნაზეც საუბრობს და ყოფილ პრეზიდენტს საკმარისი კალორაჟის საკვების მიღებას ურჩევს. უცხოელი მედიკოსების ჩამოსვლის საკითხი გადაწყვეტილი ამ დრომდე არ არის. ჯანდაცვის სამინისტრო სრულყოფილ დოკუმენტაციას პოლონური მხარისგან ელოდება.

ავტორი: ანუკა ბუავა

დღის ამბები