"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბაჩო დოლიძემ პარტიის შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
როგორც ბაჩო დოლიძემ აღნიშნა, მისთვის ცუდი საყურებელია დაპირისპირება პარტიის შიგნით და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი თანაპარტიელების განცხადებებს, როდესაც პარალელი გაავლეს ყოფილ თანამოაზრეებსა და სუსის თანამშრომლებს შორის.
"ნამდვილად არ მსიამოვნებს როდესაც ვხედავ და ჩანს ეს დაპირისპირება ერთ გუნდს შიგნით, ეს ძალიან ცუდი საყურებელია და ზოგადად, არაფერი კარგის მომტანი ეს არ არის, თუმცაღა არის ხოლმე სიტუაციები, რაც, მე როგორც ვატყობ, სცილდება ეთიკის ფორმებს - მაგალითად, ძალიან ცუდი მოსასმენია როდესაც ყოფილ და ახლანდელ თანამებრძოლებსა და სუსის თანამშრომლებს შორის პარალელს ავლებენ. იმასაც გაგახსენებთ, რომ მე და ირაკლი ერთად ვყავდით სუსის წინ დაკავებული პოლიციას, ერთად ვიყავით იზოლატორში და, შესაბამისად, ერთად გვაქვს ძალიან ბევრი ბრძოლა გამოვლილი. რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ენა მომიბრუნდეს და ჩემს ყოფილ თანამებრძოლს პარალელებით ვესაუბრო, თითქოს ის იქცევა ისე, როგორც სუსის თანამშრომელი. რა თქმა უნდა, ეს არაფერში არ ჯდება და არაფერი კარგი არ მოაქვს ასეთ განცხადებებს,"- განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
როგორც ბაჩო დოლიძემ აღნიშნა, ახალი ოფისის გახსნის საჭიროება დადგა მას შემდეგ, რაც პარტიის ძალიან ბევრ წევრს "ოფისის კარი დაუკეტეს". მისივე თქმით, "კარის დაკეტვა" გამოიხატა იმაში, რომ გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში პარტიის პოზიციის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, არც მასთან და არც მის მეგობრებთან კომუნიკაცია არ ყოფილა.
"ორი თვეა გასული, რაც ახალი მენეჯმენტია მოსული პარტიის სათავეში. რაც კი პარტიას რაიმე გადაწყვეტილება აქვს მიღებული, ან თუნდაც დაფიქსირებული აქვს პოზიცია ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში, არცერთ საკითხთან დაკავშირებით ჩემთან და ჩემს მეგობრებთან კომუნიკაცია საერთოდ არ ყოფილა, რომ არათუ ჩვენი აზრი გაზიარებული არ ყოფილიყო, არამედ უბრალოდ ჩვენი მოსაზრება რომ მოსმენილიყო," - აცხადებს დოლიძე.