როგორ სრულდება ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტი - არასამთავრობოებმა ანგარიში წარადგინეს. 8 ორგანიზაციამ შეფასების დოკუმენტი მოამზადა. მასში წერია, რომ მარტამდე პერიოდში სრულად არის შესრულებული ერთი პირობა, რომელიც ევროპული სასამართლოს გამოცდილების გაზიარებას ეხება. დიდწილად არის შესრულებული 2 რეკომენდაცია, ეს არის გენდერთან და ანტიკორუფციულ საკითხებთან დაკავშირებული პირობები. ნაწილობრივ არის შესრულებული საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები.
არასამთავრობოების შეფასებით, შესასრულებელი რჩება 5 რეკომენდაცია, მათ შორის დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია და სასამართლოს რეფორმირება.
მესამე სექტორის ანგარიშს შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში. რატი იონათამიშვილის განცხადებით, ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში ნეგატიური როლი ჰქონდა და, შესაბამისად, იონათამიშვილის თქმით, მოლოდინი ობიექტურობისა და სამართლიანობის მათ დასკვნებში არ არის.