15 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მორიგი სარჩელი ერთხმად ცნო დასაშვებად

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს საჩივარი საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" ერთხმად დასაშვებად ცნო. გადაწყვეტილება საბოლოოა და შემდგომ ეტაპზე მას გადაწყვეტილება მოჰყვება.

საქმე ეხება საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და საქართველოს რეგიონებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებს გასწვრივ ადამიანის უფლებების მდგომარეობის სავარაუდო გაუარესებას.

სარჩელი საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოში 2018 წლის 22 აგვისტოს წარადგინა. ეს „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორისი მეოთხე განაცხადია.

"სასამართლომ დაადგინა, რომ მას ჰქონდა იურისდიქცია საქმის განხილვაზე, რადგან ფაქტებს, რომლებიც წარმოადგენდნენ კონვენციის სავარაუდო დარღვევას, ადგილი ჰქონდა 2022 წლის 16 სექტემბრამდე, ვიდრე რუსეთის ფედერაცია ევროპული კონვენციის მოქმედებას შეაჩერებდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ სასამართლოს სთხოვა, დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის საქმეები განეხილა არა მხოლოდ სავარაუდო ადმინისტრაციული პრაქტიკის ილუსტრაციად, არამედ კონვენციის ცალკეულ დარღვევად, სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს საქმეები ასევე იყო სამი ინდივიდუალური საჩივრის საგანი. ამიტომ მან გადაწყვიტა, რომ ამ სახელმწიფოთაშორის საქმეში იგი მხოლოდ განიხილავდა ადმინისტრაციული პრაქტიკის ბრალდებებს და განიხილავდა სამ ცალკეულ შემთხვევას, როგორც ასეთი პრაქტიკის სავარაუდო ილუსტრაციებს. უფრო მეტიც, სასამართლო დათანხმდა, რომ არცერთი მოვლენა, რომელიც მოხდა 2009 წლამდე – ანუ „ბორდერიზაციის“ პროცესამდე – არ უნდა იქნას გათვალისწინებული. რუსეთის მთავრობის პრეტენზიის საპასუხოდ, რომ განცხადება შეტანილი იყო ზოგადი საერთაშორისო სამართლის საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად და არა კონვენციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმე ეხებოდა უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც განსაზღვრულია კონვენციაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხებს ჰქონდათ პოლიტიკური ასპექტები, სასამართლოს არ შეეძლო, უარი ეთქვა საქმის განხილვაზე მხოლოდ იმიტომ, რომ მას ჰქონდა პოლიტიკური შედეგები. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საჩივრის უარყოფის საფუძველი და არ დააკმაყოფილა რუსეთის პრეტენზია," – ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მეორე საქმეზე სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ძლიერი წარმომადგენლობა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებების ძლიერი დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციაზე, რომელზეც დამოკიდებული იყო მათი გადარჩენა, მიანიშნებდა, რომ რუსეთი განაგრძობდა "ეფექტიან კონტროლს" ამ ორ სეპარატისტულ რეგიონზე, სულ მცირე, 2018 წლის 23 მაისამდე.

"იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს საპირისპირო ინფორმაცია, სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს დასკვნა ძალაში რჩება. აქედან გამომდინარეობდა, რომ კონვენციის შესაძლო დარღვევის მსხვერპლები რუსეთის ფედერაციის იურისდიქციას ექვემდებარებოდნენ. სასამართლომ გაიმეორა, რომ შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვის წესი არ ვრცელდებოდა სახელმწიფოთაშორის საქმეებზე, როდესაც მომჩივანი სახელმწიფო უჩიოდა კონვენციის დარღვევის ადმინისტრაციულ პრაქტიკაზე და როდესაც სასამართლოს არ სთხოვდნენ, ინდივიდუალურად გადაეწყვიტა თითოეული საქმე, რომელიც წარმოდგენილი იყო ამ პრაქტიკის დამადასტურებლად ან ილუსტრაციად. ამიტომ, ვინაიდან სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციული პრაქტიკის ბრალდებებს მხოლოდ ამ სახელმწიფოთაშორის საქმეზე, მან დაასკვნა, რომ ამოწურვის წესი არ გამოიყენება“, – ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიუღებლად მიიჩნია რუსეთის მთავრობის არგუმენტი, რომ განაცხადის დასაშვებად ცნობისთვის ბრალდება სავარაუდო მსხვერპლის პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა იყოს მხარდაჭერილი.

"სასამართლომ გაიმეორა, რომ მას უფლება აქვს, დაეყრდნოს ყველა სახის მტკიცებულებას და ამავდროულად გააცნობიეროს, რომ ყველა განცხადებას და მასალას სიფრთხილით უნდა მოეკიდოს. ცნობების სანდოობა, ისევე როგორც ყველა არსებული სამხილის შედარებითი მტკიცებითი ღირებულება განხილული იქნება არა მხოლოდ იმის საფუძველზე, ადასტურებდნენ თუ არა ისინი ერთმანეთს, არამედ იმ ფაქტის გათვალისწინებითაც, რომ ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ორგანოებს 2008 წლის აგვისტოს შემდეგ არ ჰქონდათ შეუფერხებელი წვდომა ორ სეპარატისტულ რეგიონზე. მის ხელთ არსებული მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ მათი საჩივრების დასადასტურებლად წარადგინა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ შედგენილი მრავალი ინციდენტისა და სავარაუდო მსხვერპლის დეტალური სია. უკვე ნახსენები სამი შემთხვევის გარდა, მათ სიაში არ წარმოუდგენიათ სავარაუდო მსხვერპლისა ან თვითმხილველების განცხადებები და სასამართლო-სამედიცინო ან სხვა სახის მტკიცებულებები. ამასთან, საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი საერთაშორისო უფლებადამცველი ასოციაციების მასალებიდან და სასამართლოს მიერ მოპოვებული მასალებიდან ჩანს, რომ 2009 წელს „ბორდერიზაციის“ პროცესის დაწყების შემდეგ მართლაც მოხდა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მრავალი ინციდენტი. მაგალითად, 2011 წლიდან 2018 წლის სექტემბრამდე პერიოდში საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის საშუალებით მოხდა 2 741-ჯერ დაკავშირება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის კვეთისთვის დაკავებებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა, რომ არსებული მასალა საკმარისი იყო იმისთვის, რომ შეადგინოს აშკარა მტკიცებულება „აქტების განმეორების“ შესახებ, რომლებიც საკმარისად მრავალრიცხოვანი და ურთიერთდაკავშირებული იყო, რათა კონვენციის მუხლების დარღვევის „ნიმუში ან სისტემა“ შედგეს. არსებით ეტაპზე სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, იყო თუ არა მოწოდებული მასალა საკმარისი იმისათვის, რომ გადალახოს „გონივრული ეჭვის მიღმა“ ზღვარი მოპასუხე სახელმწიფოს მიერ წარდგენილი ნებისმიერი მტკიცებულების განხილვისას“, – ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

რაც შეეხება ადმინისტრაციული პრაქტიკის „ოფიციალური ტოლერანტობის“ ელემენტს, სასამართლომ აღნიშნა, რომ, „საზღვრის დაცვის ერთობლივი ძალისხმევის შესახებ“ შეთანხმებების შესაბამისად, რუსი მესაზღვრეები (რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დაქვემდებარებაში) მორიგეობდნენ ადმინისტრაციულ საზღვარზე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და სეპარატისტულ რეგიონებს შორის.

„სასამართლომ ასევე აღნიშნა ზოგიერთი ღონისძიების მარეგულირებელი ხასიათი (კერძოდ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, რომელიც გამოწვეულია ადმინისტრაციული საზღვრის სახელმწიფო საზღვრებად დე ფაქტო გარდაქმნით) და მათი ზოგადი გამოყენება ყველა დაინტერესებულ მხარეზე. ამ ზომების არსებობა არ უარყო რუსეთის მთავრობამ და დადასტურდა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საერთაშორისო მასალებით და თავად სასამართლოს მიერ მოპოვებული მასალებით. პროცესის ამ ეტაპზე, არსებული მტკიცებულებები საკმარისი იყო სასამართლოს დასარწმუნებლად, რომ არსებობდა „ოფიციალური ტოლერანტობის“ ელემენტი და მან უარყო რუსეთის მთავრობის წინააღმდეგობა ამ კუთხით. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქმე არ იყო დაუშვებელი კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტებში ჩამოთვლილი სხვა საფუძვლების გამო. სასამართლომ საჩივარი დასაშვებად გამოაცხადა საქმის არსებითი განხილვის გარეშე“, – ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

 

 

დღის ამბები