სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებმა სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილ საჩივარს ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმების დასკვნაც დაურთეს.
მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ საქმესთან დაკავშირებით ნათელს ბევრ რამეს მოჰფენს.
"იმ საჩივარს, რომელიც მათ სტრასბურგს წარუდგინეს, კონსილიუმის მოსაზრებებიც თან დაურთეს. ამ ეტაპზე ველოდები სტრასბურგის გადაწყვეტილებას. ბუნებრივია, იქაც მხარეებს სთხოვენ, რომ შესაბამისი მტკიცებულებები წარადგინონ და ეს მიმდინარეობს. ამასთან, იუსტიციის სამინისტრო თავის მოსაზრებებს აწვდის. საბოლოოდ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ალბათ, ამ საქმესთან დაკავშირებით ნათელს ბევრ რამეს მოჰფენს," - განაცხადა იოსელიანმა.