პარლამენტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს უსმენს - შესავალ სიტყვაში ოთარ შამუგიამ ისაუბრა სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის საკითხებზე. მისი განცხადებით, ქვეყანაში გაზრდილია ქართული პროდუქციის ექსპორტი, განვითარდა და კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა აგროკულტურისა და დახმარების პროგრამების მიმართულებით.
მინისტრმა აქცენტი გააკეთა ასევე დაცული ტერიტორიების განვითარებასა და ჰაერის გაუმჯობესების გეგმაზე.
დაისვა კითხვებიც, დეპუტატებს აინტერესებდათ სამინისტროს ხედვა სხვადასხვა მიმართულებით.
"სამარცხვინო მდგომარეობაშია შულავერთან ის გადაჭრილი გორა, სადაც წიპწები აღმოჩნდა, ღვინის ძმარი აღმოჩნდა თიხის ჭურჭელში, სადაც მერე ნასას ლაბორატორიამ და სხვებმაც გვითხრა, რომ მსოფლიოში პირველად ღვინო საქართველოშია დაწურული. რამეს თუ აპირებთ იქ? ისევ ისე სამარცხვინოდ უნდა გამოიყურებოდეს, მონგრეული ღობე რომ აქვს, მავთულით დამაგრებული ჭიშკარი და ლურჯი პარკები გადაფარებული?! მუზეუმის გაკეთებას თუ აპირებთ? იმსახურებს თუ არა ეს ქვეყანა იმას, თუ ღვინის სამშობლოა, რომ ღვინის ნორმალური მუზეუმი ჰქონდეს?" - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი.
სალომე სამადაშვილმა კითხვა დასვა რუსული ბაზრის ევროკავშირის ბაზრით ჩანაცვლების ამოცანასთან დაკავშირებით, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქციას ეხება.
"თუ შეიძლება, რომ ციფრებით აგვიხსნათ რა არის თქვენი ამოცანა ჩანაცვლების თვალსაზრისით, რომ ევროკავშირის ბაზარმა ჩაანაცვლოს რუსული ბაზარი ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის," - აცხადებს "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი.
პარლამენტს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი დაინტერესდა თუ რა საშეღავათო პაკეტი შეიძლება შესთავაზონ სოფლის მეურნეობაში მოღვაწე პირებს.
"საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე ქართული სოფლები, იქ არის საკმაოდ განვითარებული სამელიორაციო სისტემა, ყანები, ვენახები. ყველგან ერთნაირად არ არის რა საკვირველია განვითარება. რა სტრატეგია არსებობს? იქნებ რამე შეღავათების პაკეტი შეიძლება შევთავაზოთ ამ ხალხს, ვინც მოღვაწეობს ასეთ, ჩვენთვის სტრატეგიულად, პოლიტიკუად მნიშვნელოვან ზონაში?" - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა ეკონომიკურ განვითარებასა და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას 2 წელია ინარჩუნებს, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ გაიზარდოს დაფინანსება როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით.
"რეგიონში შექმნილი ვითარება რთული გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის და რა თქმა უნდა ჩვენთვისაც. თითოეული ჩვენგანი კარგად აცნობიერებს იმ მძიმე ვითარებას, რაც გამოწვეულია უკრაინაში მიმდინარე საომარი მოვლენებით. ამ მოცემულობაში ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და განვაგრძოთ წინსვლა, მათ შორის მთავარი მიზნისკენ - ევროინტეგრაციისკენ. სწორედ ეკონომიკური განვითარება და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელსაც 2 წელია ვინარჩუნებთ, გვაძლევს საშუალებას, რომ წლიდან წლამდე გავზარდოთ დაფინანსება როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით," - აცხადებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია.