სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე დღესაც გავა. პოზიციები უცვლელია - არ არის გამორიცხული "ქართულმა ოცნებამ" ისევ ბოიკოტს მიმართოს, ვინაიდან მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ ითქვა, რომ პრინციპული საკითხია სასამართლოზე კომისია არ შექმნას "ნაციონალურმა მოძრაობამ".
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი, თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ ხელისუფლება კორუმპირებულ მოსამართლეებს მფარველობას.
"შესაძლებელია, ისინი თვლიდნენ, რომ საგამოძიებო კომისიის ჩაგდებით, მათ გარკვეული "პროცედურული გამარჯვება" მოიპოვეს, მაგრამ პოლიტიკურად ისინი დამარცხდნენ. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ამხილეს საკუთარი თავი და ის ხელისუფლება, რომელსაც ისინი წარმოადგენენ, და მფარველობა, რომელსაც ისინი ასე კოორდინირებულად უწევენ კორუმპირებულ მოსამართლეებს," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.
პარლამენტის წევრი, პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მთავარი პრობლემა, რაზეც ევროკავშირი საუბრობს, სასამართლო სისტემის რეფორმაა.
"ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს მთავარი პრობლემა, რომელზეც საუბრობს მთელი მსოფლიო და ევროკავშირი პირველ რიგში, არის სასამართლო სისტემის რეფორმა. ამიტომ, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ საბოტაჟი თუ გაგრძელება საგამოძიებო კომისიის დღეს, ეს არის ჩვენი ევროპული მომავლის საბოტაჟი, რომელსაც მორიგ ჯერზე ახორციელებს პარლამენტის დარბაზში მმართველი უმრავლესობა," - აცხადებს სალომე სამადაშვილი.