პარლამენტი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრს უსმენს.
რეგიონებში არსებული გამოწვევები, მეღვინეობის განვითარება, ფერმერთა ხელშეწყობა, ჰაერის დაბინძურება, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის ხელშეწყობა, ექსპორტი - დეპუტატების კითხვები თითქმის ყველა მიმართულებას შეეხო. ნაწილზე მინისტრის პასუხი მათ უკვე მიიღეს, მათ შორის ჰაერის დაბინძურების პრობლემების მოგვარების გზებსა და ამ კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე.
ოთარ შამუგიას მისამართით თინათინ ბოკუჩავას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ უმჯობესი იქნებოდა ამ კუთხით სახელმწიფო უფრო მეტ ძალისხმევას იჩენდეს, მინისტრმა უპასუხა, რომ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება და მომავალშიც არის დაგეგმილი კონკრეტული ნაბიჯები.
"როგორც სამრეწველო საწარმოების კუთხით, ასევე ტრანსპორტის მიმართულებითა და მწვანე სივრცეების მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება კეთდება. ასევე ვისაუბრე ძველი ავტომობილების იმპორტთან დაკავშირებით, რომლის შეზღუდვასაც ვგეგმავთ. ჩვენ წელსვე დავიწყებთ დიდ ქალაქებში ავტომანქანების გამონაბოლქვის კონტროლს და სადაც დარღვევას ექნება ადგილი, საკმაოდ მაღალი საჯარიმო სანქციები დაწესდება," - აცხადებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია.
ამასთან, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძის კითხვას, თუ როგორი ვითარება იყო ამ კუთხით 2012 წლამდე, მინისტრმა ოთარ შამუგიამ უპასუხა, რომ ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, იმ პერიოდში ყოველგვარი სისტემა მოშლილი იყო:
"ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, აბსოლუტურად დაურეგულირებელი იყო და ყოველგვარი სისტემა მოშლილი იყო. ჩვენ დავიწყეთ კანონმდებლობის შემუშავება, მიღება და კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება, რამაც კონკრეტული შედეგი მოგვცა. დღეს ყველა საწარმო, შესაბამის ფილტრაციის სისტემებს აყენებს. უკვე 2016 წლიდან მათ ექნებათ ვალდებულება, სრულიად საწარმოებში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, რათა ჰაერის დაბინძურება მინიმუმამდე იყოს შემცირებული,"- განაცხადა ოთარ შამუგიამ.