საპარლამენტო უმრავლესობამ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დღეს ისევ, მესამედაც ჩააგდო. მმართველმა გუნდმა, წინა ორი შემთხვევის მსგავსად, რეგისტრაცია დღესაც არ გაიარა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, თინა ბოკუჩავას მიმართა, რომელმაც აღნიშნა, რომ "პარლამენტი მესამე დღეა პარალიზებულია, რადგან უმრავლესობა ბოიკოტის რეჟიმშია."
თინა ბოკუჩავამ შალვა პაპუაშვილს თხოვნით მიმართა, კიდევ ერთხელ გამოაცხადოს კენჭისყრა და ბოიკოტის რეჟიმში მყოფ უმრავლესობის წევრებს მოუწოდოს, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ერთადერთი მიზეზი, რატომაც ოპოზიცია პარლამენტში ზის, ის არის, რომ თავის დროზე "ქართულმა ოცნებამ" მანდატები არ შეუწყვიტა, რასაც ოპონენტები თავად ითხოვდნენ.
"პარალიზებაზე რა გითხრათ, მგონი, ასეთი ცოცხალი და მრავალრიცხოვანი პარლამენტი, არის ორ წელზე მეტი, და იშვიათად მინახავს. ოპოზიციის წარმომადგენლებს შეგახსენებთ, ერთადერთი მიზეზი, რატომაც თქვენ დღეს აქ სხედხართ, არის ის, რომ თავის დროზე "ქართულმა ოცნებამ" მანდატები არ შეგიწყვიტათ, მიუხედავად იმისა, რომ ამას ითხოვდით.
მაშინ რომ დემოკრატიის სასარგებლოდ მიიღო "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვეტილება და არ დააკმაყოფილა თქვენი მომართვა, ზუსტადაც ამიტომ არის თქვენი ამომრჩეველი ამ პარლამენტში დღეს წარმოდგენილი. თქვენი ხელიდან ეს მანდატები იყო გადაყრილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ისევ ჩააგდო. მმართველმა გუნდმა, წინა ორი შემთხვევის მსგავსად, რეგისტრაცია დღესაც არ გაიარა. მანამდე, საგამოძიებო კომისიის შექმნის მცდელობის ორჯერ ჩავარდა.