"ხალხის ძალა" მორიგ წერილს აქვეყნებს - მოძრაობა ისევ ამერიკის ელჩს აკრიტიკებს. "ხალხის ძალის" განცხადებით, კელი დეგნანი საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ არ ცნობს. საუბარია მოსამართლეთა სანქცირებაზე.
"ხალხის ძალაში" მიაჩნიათ, რომ საელჩომ დაარღვია მოსამართლეთა მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია, კერძოდ გადაწყვეტილება მიიღო, მტკიცებულებების გარეშე.
"ბოლოდროინდელი პოლიტიკური პროცესები გვიჩვენებს, რომ რეალური დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიღწევას კვლავაც სერიოზული ბრძოლა ჭირდება. სამწუხაროდ, ამერიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ის საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ არ ცნობს. როდესაც ოთხ ქართველ მოსამართლეს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით, კორუფციაში დებ ბრალს და ნაცმოძრაობის კუთვნილ მედიასაშუალებებში გავრცელებული ჭორების საფუძველზე ასანქცირებ, ეს სხვა არაფერია, თუ არა მტრული დამოკიდებულების გამოვლინება საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის მიმართ.
სამართლის საყოველთაო პრინციპების თანახმად, მოსამართლე განსაკუთრებული ხელშეუხებლობით სარგებლობს და მისი დასჯა მხოლოდ რთული სამართლებრივი პროცედურისა და უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზეა შესაძლებელი. შესაბამისად, უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი მოსამართლეებზე განსაკუთრებული სიმძაფრით ვრცელდება. თუმცა, ამერიკის ელჩი ამას არად დაგიდევთ და მოსამართლეებს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე კორუმპირებულის იარლიყს აწებებს, რაც ჩვენი სახელმწიფოს უხეში შეურაცხყოფაა. ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტად გაშიშვლდა, როდესაც ქალბატონმა დეგნანმა დავით კეზერაშვილის დაცვა სცადა და განაცხადა, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, კეზერაშვილის მიერ ევროპელი პენსიონერების ძარცვაზე ვერაფერს გეტყვითო. ანუ უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომელიც ქართველ მოსამართლეებზე რატომღაც არ გავრცელდა, სრულად ვრცელდება დავით კეზერაშვილზე, რომელმაც ქართველი ბიზნესმენებისა და ქართული ჯარის ძარცვა არ იკმარა და საკუთარი მრავალმილიონიანი ქონების გაზრდა ევროპელი პენსიონერების ხარჯზე გადაწყვიტა.
ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ საელჩო თავისი ქმედებებით სინამდვილეში არა საქართველოს ინტერესებს, არამედ აგენტურას უფრთხილდება, რათა მას ძალაუფლების დაბრუნების შანსი შეუნარჩუნოს და საელჩომ საქართველოს მართვის სადავეები დაიბრუნოს, ანუ აგენტოკრატია აღადგინოს. სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ ამერიკის ელჩი ამას სრულად შემდგარ სახელმწიფოს ვერ გაუბედავდა, გაბედვის შემთხვევაში კი, სრულად შემდგარი სახელმწიფო ასეთ ელჩს პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებდა. თუმცა, აშკარაა, რომ ჩვენს სახელმწიფოს დღეს ამის რესურსი ჯერ კიდევ არ აქვს.
ამასთან, ელჩის უხეში ქმედებების მიზანი სწორედ ისაა, რომ საქართველომ სუვერენიტეტი სრულად არ დაიბრუნოს, რათა აგენტურას ხელისუფლებაში მოსვლის საშუალება კიდევ ერთხელ მიეცეს.
ამ ბრძოლაში ხელისუფლებამ პრინციპები არ უნდა დათმოს და ჩვენს ქვეყანას სუვერენიტეტი სრულად უნდა აღუდგინოს. ასეთ პირობებში, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებაში ესოდენ უხეშ ჩარევას მომავალში ვეღარავინ გაბედავს", - აღნიშნულია განცხადებაში.