საგამოძიებო კომისიის შექმნის მორიგი მცდელობა სულ მცირე მაისამდე არ იქნება. მომდევნო კვირას საკომიტეტო განხილვები გაიმართება, პლენარული სხდომა კი სავარაუდოდ ამის შემდგომ კვირაში იქნება.
გუშინ კი კვორუმი ისევ არ შედგა, "ქართულმა ოცნებამ" უკვე მესამედ, მოსამართლეთა სოლიდარობის არგუმენტით რეგისტრაცია არ გაიარა, შესაბამისად არ შედგა კენჭისყრა.
ოპოზიცია კი ისევ 50 ხმით იყო მობილიზებული პარლამენტში. ოპონენტებმა მმართველი გუნდის გადაწყვეტილება მწვავედ გააკრიტიკეს და თქვეს, რომ შესაძლოა საპროტესტო აქციებიც დაგეგმონ.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ საკითხის მხოლოდ პარლამენტში დაყენება საკმარისი არ არის და ოპოზიციამ ქუჩის პროტესტზე ფიქრი უნდა დაიწყოს.
"როგორც რუსულ კანონთან დაკავშირებით გვქონდა სიცხადე და ვთქვით, რომ ეს არის რუსული კანონი, შინაარსში არ შევდივართ და აუცილებელია ქუჩაში ბევრი ადამიანი. ასევე უნდა ავუხსნათ, ოღონდ ყველამ, ან ზაფხულში ყველას ერთად მოგვიწევს სიცხესთან, კოღოებთან და ბუზებთან ბრძოლა. ჩვენ თუ გვინდა რევოლუციური, კარგი ცვლილებები, უნდა გამოვიდეთ ქუჩაში. სხვა არჩევანი არ გვაქვს, მხოლოდ პარლამენტში საკითხის დაყენება არ არის საკმარისი და დავიწყოთ ფიქრი იმაზე, რომ პროტესტი კერები გავაჩინოთ 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით. ჩვენ თუ ამას შევძლებთ, ამ ზაფხულს ამაზე დიდ საქმეს ვერ გავაკეთებთ," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ახლა მთავარია ოპოზიციამ სიმტკიცე და ერთიანობა შეძლოს.
"მგონი, რეგლამენტი უნდა დავუმალოთ ქოცებს, თორემ ცუდ საქმეებს ჩადიან, იმიტომ, რომ კითხულობენ რეგლამენტს. მე ისედაც აქ ვარ, როცა საჭიროა, მე არაფერს არ ვაცდენ. ჩემი მეგობრებიც დადიან, მთავარია ოპოზიციამ შეძლოს სიმტკიცე და ერთიანობა დარბაზში სხდომის დროს. ამაზე უკეთესი რა უნდა გაეკეთებინა, 1/3 შემადგენლობის ოპოზიციას, რომ "ქართული ოცნება" თავის ათასგვარ მავნებლობა კანონებს, რომლებიც ახლა შემოტანილია და დევს მაგიდაზე, არ ღებულობს," - აცხადებს იაგო ხვიჩია.
პარლამენტის წევრი, პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, მიხეილ დაუშვილი ფიქრობს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის ოპოზიციამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს.
"ფაქტია, რომ მარტივი არ იქნება, ყველა ჯერზე 50 ხმის მობილიზება ოპოზიციის მხრიდან. თუმცა, ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, უნდა ვცადოთ ბოლომდე ამ კომისიის შექმნა და თუ ოპოზიცია იქნება თანმიმდევრული, თუ ვიმოქმედებთ მობილიზებულად, იმის შესაძლებლობა, რომ საბოლოო ჯამში ეს კომისია შევქმნათ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია," - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.