ორი გენერლის ომი სუდანში და საქართველოს 33 მოქალაქე ევაკუაციის მოლოდინში - დროებითი ზავი დარღვეულია.
სუდანში სროლა და აფეთქებები ამ დრომდე არ წყდება, თუმცა ინტენსივობა იკლებს. იზრდება შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვიც.
ხართუმში ჰუმანიტარული მდგომარეობა მძიმდება. მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშეა, იწურება საკვების მარაგიც. ევაკუაციას ამ დრომდე ელის საქართველოს 33 მოქალაქე.
ავიაკომპანია "ჯეო სქაის" გენერალური დირექტორი შალვა კიკნაძე "კურიერთან" აცხადებს, რომ ახლა ისინი, ოფიციალურ დადასტურებას ელოდებიან, რათა ევაკუაცია დაიწყონ.
"ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებულები არიან და შეიძლება ითქვას, რომ დილიდან აღარ არის ისეთი ინტენსივობა, სულ რამდენიმე გასროლა იყო. ახლა ველოდებით უკვე ოფიციალურ დადასტურებას, რომ შესაძლებელია საცხოვრებლიდან გასვლა და თვითმფრინავამდე მისვლა. საგარეო უწყება გაეროდან ოფიციალურ დადასტურებას ელოდება როგორც მე მივხვდი, რომ შესაძლებელია ევაკუაციის დაწყება,"- აცხადებს ავიაკომპანია "ჯეო სქაის" გენერალური დირექტორი შალვა კიკნაძე.
ავიაკომპანია "მაივეი ეარლაინსის" გენერალური დირექტორი რატი ბაკურაძე ასევე "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია რომ შესაძლებელია აეროპორტი გაიხსნას. თუმცა, ისინი დადასტურებული ინფორმაციის მიღებამდე არ იმოქმედებენ.