აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების მოთხოვნასთან დაკავშირებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მედიკამენტის შესყიდვასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, "კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ბავშვები მიიღებენ ყველა სახის დახმარებას, რომელიც მათ სჭირდებათ.
რაც შეეხება მედიკამენტ ვოსორიტიდს - თამარ გაბუნიას განმარტებით, კონკრეტულად ამ მედიკამენტს თანმხლები სიმპტომების მართვის პონტენციალი და შესაძლებლობა არ გააჩნია, სწორედ აქედან გამომდინარე, გაბუნია აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე მედიკამენტის შესყიდვამდე მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს ჰქონდეს მეტი საერთაშორისო მონაცემები და მტკიცებულება თუ რამდენად ეფექტურია მედიკამენტი, როგორ მოხდეს მისი უსაფრთხოდ დანერგვა:
"შეხვედრა შედგა მშობლებთან, რომლებთანაც ჩვენ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობთ. აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების საჭიროების და კონკრეტულად - ვოსორიტიდის, იმ ახალი მედიკამენტის ქვეყანაში დანერგვის თაობაზე, რომელიც რამდენიმე ხნის წინ აღიარა დაჩქარებული წესით ამერიკის და ასევე, ევროპის მარეგულირებელმა. გარკვეული დადებითი ეფექტი მედიკამენტს აქვს, თუმცა რჩება მთელი რიგი საკითხი, რაც ჩვენ უნდა გავიაროთ ექსპერტებთან ერთად იმისათვის, რომ საბოლოოდ შევჯერდეთ მისი დანერგვის გეგმაზე. კონკრეტული წინადადება სამინისტროს აქვს მედიკამენტის დანერგვასთან დაკავშირებით, ასევე აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების საჭიროებების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნო, რომ ბავშვებს აქვთ არაერთი მიმართულებით მულტიდისციპლინარული მართვის საჭიროება. სამინისტრომ მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ბავშვები მიიღებენ ყველა სახის დახმარებას, რომელიც მათ სჭირდებათ.
კონკრეტულად ამ მედიკამენტს, თანმხლები სიმპტომების მართვის პონტენციალი და შესაძლებლობა არ გააჩნია. მედიკამენტის ცნობილი ეფექტი არის სიმაღლეში ზრდის გარკვეული დაჩქარება, რაც ჯერ მცირემასშტაბიან კვლევებში დადასტურდა და ამაზე დაკვირვება კიდევ მიმდინარეობს.
აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ჩვენ გვქონდეს მეტი საერთაშორისო მონაცემები და მტკიცებულება, თუ რამდენად ეფექტურია მედიკამენტი, როგორ მოხდეს მისი უსაფრთხოდ დანერგვა და შემდეგ, სამინისტრო მზად არის შესყიდვის პროცედურები დაიწყოს. საუბარი იყო ვადაზე - სექტემბრის თვემდე ჩვენ დაველოდებით ევროკავშირის ქვეყნები - 2-3 ქვეყანა თუკი დაიწყებს ამ მედიკამენტის აქტიურ დანერგვას, ჩვენც მეტად მყარი საფუძველი გვექნება გავაგრძელოთ მოლაპარაკება მომწოდებელთან. ყველაზე დიდი შეუთანხმებლობა არის ვადებთან დაკავშირებით - მშობლების კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ეს მოხდეს დაუყოვნებლივ, მაგრამ ამას მერწმუნეთ მთელი რიგი მოსამზადებელი სამუშაოები სჭირდება, რაც სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს. ექსპერტებიც ამბობენ იმას, რომ ჩვენ გვჭიურდება მეტი საფუძველი, ვიდრე ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.