15 ნოემბერი 2024,   05:56
ვრცლად
იმედია, წლის ბოლოს ვიზეიმებთ როგორც უკრაინის გამარჯვებას, ისე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას - შალვა პაპუაშვილის გამოსვლა პრაღაში

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების სპიკერთა ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციაზე სიტყვით უკვე გამოვიდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

მან უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და ევროპელ ლიდერებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

"რუსეთის მიერ უკრაინის სასტიკმა და უკანონო დაპყრობამ უსაფრთხოების მასშტაბური გამოწვევის წინაშე დაგვაყენა. უკრაინისადმი სოლიდარობისთვის ჩვენი ერთიანი პოზიცია უკიდურესად მნიშვნელოვანია უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად. მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო საქართველოს ურყევი და შეუქცევადი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ჩვენ გვესმის უკრაინის ტკივილის. საქართველომ გამოცადა რუსეთის აგრესია 1990-იანი წლების დასაწყისსა და 2008 წელს. ამ განგრძობითმა აგრესიამ შედეგად მოიტანა საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია და საკუთარი სახლებიდან ასიათასობით ადამიანის იძულებითი და უკანონო გაძევება.

სამწუხაროდ, მაშინ, ჩვენი მიმართვებისა და გაფრთხილებების მიუხედავად, ვერ ვიხილეთ დასავლეთის შესაბამისი რეაგირება. საბედნიეროდ, დღესდღეობით ჩვენ ვხედავთ ძლიერ, ერთიან და ეფექტიან ევროპულ პასუხს რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე. საქართველომ უკრაინისადმი სოლიდარობა გამოხატა არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ, ასევე, ძლიერი პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯებით. ჩვენ ამას დღემდე ვაკეთებთ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში რუსეთის უკანონო სამხედრო დანაყოფების არსებობის მიუხედავად.

ძვირფასო მეგობრებო, დროა, ევროკავშირმა, როგორც გეოპოლიტიკურმა მოთამაშემ, სრულად გააცნობიეროს თავისი როლი და მხარი დაუჭიროს იმ ქვეყნების სუვერენულ არჩევანს, რომლებიც ისტორიულად ევროპულ ოჯახს განეკუთვნებიან. საქართველო რჩება ევროკავშირის სანდო პარტნიორად და უსაფრთხოების საკითხებში მოკავშირედ. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პროგრესი სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებული.

გასულ წელს საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და განცალკევებულ იქნა ასოცირებული ტრიოდან. ამჯერად, წელს, მსგავსი ნეგატიური დიფერენციაციის თავიდან აცილება უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან მსგავსი განცალკევება აძლიერებს ჩვენს საერთო არაკეთილმოსურნეებს და რეგიონს აგრესორის წინაშე დაუცველს ტოვებს. ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, აღარ არის წინა კარისა თუ ღია კარის დრო. საჭიროა გაბედული ნაბიჯები შესაბამის სტრატეგიულ გადაწყვეტილებასთან ერთად. იმედი მაქვს, წლის ბოლოს ვიზეიმებთ როგორც უკრაინის გამარჯვებასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ისე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები