15 ნოემბერი 2024,   06:04
ვრცლად
კრიზისის ახალი ეტაპი "ნაციონალურ მოძრაობაში" და დაპირისპირება ხაბერიშვილი-მელიას შორის - ვინ ახორციელებს საკადრო წმენდას ენმ-ში

ლევან ხაბეიშვილის საკადრო გადაწყვეტილებამ, "ნაციონალურ მოძრაობაში" კრიზისი ახალ ეტაპზე გადაიყვანა. ბათუმის საკრებულოს სიიდან ნიკა მელიას 4 მხარდამჭერის ამოღების შემდეგ, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ახალი თავმჯდომარის გადადგომა მოითხოვეს. ხაბეიშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, სიიდან ამორიცხული ადამიანები ამბობენ, რომ მოქმედმა ყოფილ თავმჯდომარეს ღია ომი გამოუცხადა და მელიას მომხრეების სადამსჯელო ოპერაცია დაიწყო.

ბათუმში, ხაბეიშვილის გუნდის წარმომადგენლები არ მალავენ, რომ ახალი თავმჯდომარე, ძველის პოლიტიკურმა აქტიურობამ გააღიზიანა. ლევან ხაბეიშვილის ფლანგი, განმარტებების ნაცვლად, დღეს თავდასხმაზე გადავიდა და ნიკა მელიას თანამოაზრეები პოლიტიკურ შურისძიებაში დაადანაშაულა.

მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ნიკა მელიამ, ლევან ხაბეიშვილს, მორიგი პოლიტიკური ორთაბრძოლა გამოუცხადა. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, სოციალურ ქსელში, ახალი მენეჯმენტის ჩრდილოვან მმართველობაზე საუბრობს და წერს, რომ პარტიაში მიმდინარე რეპრესიები უპასუხოდ არ დარჩება.

მელიას მომხრეების სიიდან ამორიცხვის შემდეგ, ხაბეიშვილმა კულისებში დარჩენა არჩია. საკუთარი გადაწყვეტილების ახსნა თავად არ ისურვა და პოლიტიკური პოზიციის გაჟღერება რეგიონულ მდივანს გადააბარა. გიორგი ბოტკოველმა დღეს პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილების გამართლება სცადა და თქვა, რომ ნიკა მელიას მხარდამჭერების თამაშგარეთ დატოვებას ლეგიტიმური საფუძველი ჰქონდა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე კრიზისი, უმრავლესობის აზრით, დასკვნით ეტაპზე გადადის. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ არსებული პოლიტიკური ანგარიშსწორება პარტიისთვის საბოლოო განაჩენი იქნება.

ჯერ უცნობია ვინ იქნება ლაშა კილაბერიას შემცვლელი ბათუმის საკრებულოში ხაბეიშვილის გადაწყვეტილების შემდეგ.

 

ავტორი: ანუკა ბუავა 

დღის ამბები