პარტია "საქართველოსთვის" პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას "ქოლცენტრების საქმეზე" ითხოვს. გიორგი გახარიას გუნდის წევრები იმ მიზეზებზე ამახვილებენ ყურადღებას, რის გამოც საგამოძიებო კომისიის არსებობა აუცილებელია.
კიდევ ერთი კომისიის ინიციატივას მმართველი პარტია ოპოზიციის არაკომპეტენტურობით ხსნის. პარლამენტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ პარტიები ყველა საკითხის გამოყენებას ცდილობენ კონფრონტაციული გარემოს შესაქმნელად.
შეთავაზება გაკეთებულია, თუმცა გიორგი გახარიას გუნდს ახლა საკითხის ინიციირებისთვის მინიმუმ 30 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება.
საპარლამენტო ოპოზიციის თითქმის სრული შემადგენლობა ინიციატივას იზიარებს. კომისიის შექმნასაც მხარს უჭერენ და კომისიის ფარგლებში მუშაობისთვისაც მზად არიან. ამბობენ, რომ გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და დაგროვილ კითხვებზე პასუხის მიღებას საკუთარი ძალებით შეეცდებიან.
გამოძიებისთვის უნდობლობის გამოცხადება და ტრანსნაციონალურ დანაშაულთან მმართველი პარტიის დაკავშირება "ქართული ოცნებისთვის" სპეკულაციაა. კომენტარი დღეს ამ თემაზე პარტიის თავმჯდომარემაც გააკეთა. იმისთვის, რომ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას მინიმუმ 50 დეპუტატის მხარდაჭერაა აუცილებელი, თუმცა, ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა პარტია "საქართველოსთვის" საკმარისი ხმების მოგროვებას.