15 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მკურნალობის თანხა არსებობს, მაგრამ მკურნალობის მეთოდი ძალიან ფრთხილად უნდა იქნეს შერჩეული - მაია ბითაძე

ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიტიკურად ცუდი და ბინძური მიზნებისთვის ხდება აქონდროპლაზიის თემის გამოყენება. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ თანხა არსებობს, დაახლოებით 10 მილიონი ლარი სჭირდება ამ ბავშვების მკურნალობის დაფინანსებას, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა იქნეს შერჩეული მეთოდი, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია, მედიკამენტი, რომელსაც აქონდროპლაზიის მკურნალობისთვის გამოიყენებენ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან სერტიფიცირებული იყოს.

"როგორც ჩვენი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, ძალიან მნიშვნელოვანია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებული იყოს ის მედიკამენტი, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული ამ ბავშვების მკურნალობისთვის. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ თანხის პრობლემა არ არსებობს და როგორც კი მედიკამენტის შესაბამისი სერტიფიცირება და აღიარება იქნება, სახელმწიფო შესაბამის გადაწყვეტილებას მკურნალობასთან დაკავშირებით მიიღებს.

კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს თანამოქალაქეებს, მშობლებს თანადგომა გამოვუცხადო მთელი გუნდის, მთავრობის სახელით და ხაზგასმით ვთქვა, რომ თანხა არსებობს, საჭიროა რომ ჩვენ ექსპერიმენტები არ ჩავატაროთ - მთავარია რომ  მედიკამენტის უსაფრთხოება იყოს დადასტურებული და  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან იყოს ავტორიზებული," - აღნიშნა მაია ბითაძემ.

როგორც მაია ბითაძემ განაცხადა, დაუშვებელია ოპოზიციური პარტიების მცდელობა, სხვისი უბედურების ხარჯზე პოლიტიკური ქულები დაიწერონ. 

"საკითხის პოლიტიზირება სამწუხაროდ, პოლიტიკური პარტიების მხრიდან ძალიან ცუდად ხდება იმ მიზნით, რომ ხელისუფლებას ზიანი მიაყენონ მკურნალობას დასაქვემდებარებელი ბავშვების ჯანმრთელობის საკითხით, რაც პირველი შემთხვევა არ არის. კიდევ ერთხელ თანადგომას ვუცხადებ მშობლებს და ბუნებრივია, არ ვსაუბრობ მათზე, რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, მივმართავ და ვთხოვ, თუ თხოვნა შველის, მაგრამ მათთვის თხოვნა არ შველის ხოლმე - ნუ ეცდებიან, სხვისი უბედურებით პოლიტიკური ქულები დაიწერონ, ასეთი შემთხვევებით ისინი პოლიტიკურ ქულებს ვერასდროს იწერდნენ და ამას ისტორიაც ცხადყოფს. სახელმწიფო ყოველთვის იდგება იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც საჭიროებენ მკურნალობას. ამას ადასტურებს სახელმწიფო მხრიდან ჯანდაცვაში ის 7 მილიარდიანი ინვესტიცია, რომელიც ხელისუფლებამ წლების განმავლობაში გაიღო და კვლავ გაგრძელდება," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

მაია ბითაძემ ასევე ისაუბრა პრემიერ-მინისტრის ინიციატივის მნიშვნელობაზე ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების დაფინანსებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, ჯანდაცვის სფეროს სხვადასხვა პროგრამაში 7 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯა, რამაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

"დღეს, პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მიმართულებით ახალი პროგრამების დაფინანსების თაობაზე. ონკოლოგიური დაავადების მქონე 300 ბავშვის მკურნალობა სრულად იქნება დაფინანსებული. ვფიქრობ, პრემიერის ეს გადაწყვეტილება, ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ამ ბავშვების მკურნალობის საკითხში და ვიმედოვნებ, მკურნალობის ყველა ეტაპი ძალიან პოზიტიურად დასრულდება. ამასთან, მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს, 7 მილიარდ ლარზე მეტი არის დახარჯული ჯანდაცვის სისტემაში და უპრეცედენტო პროგრამები იქნა განხორციელებული ჯანდაცვის კუთხით, რამაც ათასობით ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე გადაარჩინა, მათ შორის, რომ არაფერი ვთქვათ ამ ბოლო გადაწყვეტილებაზე, რომელიც ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვთა სრულ მკურნალობას ეხება," - განაცხადა მაია ბითაძემ.

დღის ამბები