საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სტრასბურგში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი პოზიტიურად მიმდინარეობს. მისი თქმით, საქართველო თავის მხარეს არ დატოვებს არცერთ მიზეზს, რის გამოც ევროპამ შეიძლება, თავი შეიკავოს საქართველოს მხარდასაჭერად.
"საქართველოს დელეგაციის ვიზიტი პოზიტიურად მიმდინარეობს. გუშინ იყო პირველი დღე, როცა მოვისმინეთ ლიდერების მიმართვები, გვქონდა კოლეგებთან შეხვედრები. ორი დღის განმავლობაში გვექნება მნიშვნელოვანი შეხვედრები მონიტორინგის წევრებთან, ვისთანაც გავცვლით ინფორმაციას ყველა იმ საკითხზე, რაც პარტნიორებს აინტერესებთ. ბუნებრივია, გასაკვირი არ არის, რომ აქ არის ის საკითხები, რასაც ოპოზიცია მწვავედ აყენებს და ყველა ასეთ საკითხზე გვაქვს საქმიანი არგუმენტები და ინფორმაცია. ამ სესიას სრულად გამოვიყენებთ, რათა საქართველოს ინტერესები კიდევ მეტად იყოს დაცული და პარტნიორებს საქართველოზე ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეთ. დანარჩენი უკვე მათი პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია.
ბუნებრივია, საქართველო თავის მხარეს არ დატოვებს არცერთ მიზეზს, რის გამოც ევროპამ შეიძლება, თავი შეიკავოს საქართველოს მხარდასაჭერად. თუ იქნება სამართლიანი შეფასების კრიტერიუმებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, საქართველო დღესაც იმსახურებს ევროპის მხრიდან დადებით გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსზე," - ამბობს არჩილ თალაკვაძე.
განცხადება გააკეთა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა თამარ ტალიაშვილმა.
"მიმდინარე სესიას აქვს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა, რადგან აქედან სამ კვირაში ევროპის საბჭო უმასპინძლებს წევრი სახელმწიფოების მეთაურებს ისტორიულ სამიტზე. ამიტომ, საქართველოს დელეგაციის აქტიური კომუნიკაცია, აქტიური წარდგენა საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და პარტნიორებისთვის გაცნობა იმ წარმატებისა, რომელიც საქართველოს გააჩნია 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით არის უაღრესად მნიშვნელოვანი," - აცხადებს თამარ ტალიაშვილი.