საქართველოს 33-ვე მოქალაქე სუდანიდან ევაკუირებულია. ქართველებმა ეგვიპტის საზღვარი თბილისის დროით დილის 8 საათისთვის გადაკვეთეს. ხართუმიდან კაირომდე გზა ხანგრძლივია და ავიაკომპანია "მაივეისა" და "ჯეოსქაის" თანამშრომლების ავტობუსები ეგვიპტის დედაქალაქამდე ჯერ არ ჩასულა. თუმცა, ქართველებმა საფრთხე უკან მოიტოვეს და ახლა სამშობლოში დაბრუნებას ელოდებიან.
საქართველოს მოქალაქეების სუდანიდან უსაფრთხოდ გამოყვანა საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარტნიორების დახმარებით უზრუნველყო. ევაკუაციის ოპერაციაში ჩართული იყო უკრაინული მხარეც. ქართველებთან ერთად სუდანი უკრაინისა და პერუს მოქალაქეებმა დატოვეს.
საქართველოს მსგავსად, ხართუმიდან რამდენიმე ქვეყანამ უკვე გაიყვანა თავისი მოქალაქეები. ათობით სახელმწიფო კი ევაკუაციაზე მუშაობას განაგრძობს. ერთ-ერთი ბოლო დიპლომატი, რომელმაც სუდანი ფრანგული მხარის დახმარებით დატოვა, შვეიცარიის ელჩია.
მეოთხედ დადებული ზავის მიუხედავად, ხართუმში ისევ სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის. სუდანში პარალიზებულია ყველა საავადმყოფო და დაწესებულება. ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისია. ადამიანები წყლის, საკვებისა და მედიკამენტების გარეშე არიან დარჩენილი. სუდანში მისიები ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ შეაჩერა.
ოფიციალური ინფორმაციით, სუდანის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფებას შორის ბრძოლას 459 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დაშავებულთა რაოდენობა, კი 4 000-ს გადააჭარბა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით კი, მსხვერპლთა და დაჭრილთა რიცხვი გაცილებით დიდია.