15 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტი ისევ კენჭისყრას აპირებს - რას ჰპირდება ჯო ბაიდენი ამერიკელებს

ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტი ისევ კენჭისყრას აპირებს. 80 წლის ჯო ბაიდენმა ამის შესახებ საკუთარ 3-წუთიან ვიდეომიმართვაში ისაუბრა, რომელიც იწყება სიტყვით - თავისუფლება. ბაიდენმა შეარჩია თარიღიც, 25 აპრილი, 4 წლის წინ ზუსტად ამ დღეს განაცხადა ბაიდენმა რომ პრეზიდენტობას აპირებდა. ვიდეომიმართვაში ბაიდენი საუბრობს - აბორტის უფლებაზე, დემოკრატიისა და ამომრჩეველთა უფლებების დაცვაზე, ასევე, ამერიკელების სოციალურ გარანტიებზე.

"თვითკმაყოფილების დრო არ არის. ამიტომაც ხელახლა ვიყრი კენჭს. რადგან მე ვიცი ამერიკა. ვიცი, რომ კარგი და წესიერი ხალხი ვართ. ვიცი, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც პატივისცემის და პატიოსნების სჯერა," - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენი არჩევის შემთხვევაში საპრეზიდენტო ვადის დასრულებისას 86 წლის იქნება, მისი ასაკი კი ამერიკის მოქალაქეებისთვის ყველაზე მეტ კითხვის ნიშანს აჩენს. ტელეკომპანია ABC-ის გამოკითხვის თანახმად, შეერთებული შტატების მოსახლეობის 70 პროცენტი ჯო ბაიდენის მეორე ვადით არჩევას ასაკის გამო ეწინააღმდეგება, იგივე აზრზეა დემოკრატიული პარტიაც. არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს ამერიკის 45-ე პრეზიდენტიც, დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ სამართლიანი კენჭისყრის პირობებში ის გაიმარჯვებს.

 ამერიკის ყველაზე ახალგაზრდა არჩეული პრეზიდენტი, რომელიც მოვალეობას შეუდგა, 43 წლის ჯონ კენედი იყო. ჯო ბაიდენი ამ დროისთვის ითვლება ყველაზე უხუცეს პრეზიდენტად, რომლის ინაუგურაცია 78 წლის ასაკში მოხდა. მისი სავარაუდო კონკურენტი, დონალდ ტრამპი 76 წლისაა.

დღის ამბები