15 ნოემბერი 2024,   06:24
ვრცლად
საპარლამენტო ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრა გამართა - რაზე შეთანხმდენენ პარტიები

საპარლამენტო ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრა გამართა. მათ  საპარლამენტო მუშაობასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა განიხილეს, მათ შორის, ოპოზიციის მობილიზების საკითხი საგამოძიებო კომისიების შესაქმნელად. შეხვედრა "ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის" ოთახში გაიმართა და მას საპარლამენტო ოპოზიციური ჯგუფები და დამოუკიდებელი დეპუტატები ესწრებიან.

"ჩვენ, ოპოზიციური ჯგუფები ვაგრძელებთ ჩვენი დღის წესრიგით მუშაობას, მაგრამ ამ კონკრეტულ საკითხში ვართ მოტივირებულები, რომ შევინარჩუნოთ ის თანადგომა, რასაც ჰქვია 50-ის ან მეტი ოპოზიციონერის ყოფნა პარლამენტში. მომავალი კვირისთვის ჩვენ ამ ნიშნულს მივაღწევთ და იმედი გვაქვს, რომ შევინარჩუნებთ,"- აცხადებს პარლამენტის წევრი დავით უსუფაშვილი. 

თამარ კორძაიას განცხადებით, თუკი "ქართული ოცნება" გააგრძელებს საქართველოს პარლამენტის საქმიანობის საბოტაჟს, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ "ქართული ოცნება" ამ ქვეყანაში კორუფციას ხელს აფარებს:

"თუ "ქართული ოცნება" გააგრძელებს საქართველოს პარლამენტის საქმიანობის საბოტაჟს იმ მიზნით რომ კორუფციაში ბრალდებული მოსამართლეების მიმართ გამოყენებული სანქციების შემდეგ სასამართლოში არსებული კორუფციის შესწავლა არ უნდათ, ეს ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" ამ ქვეყანაში კორუფციას ხელს აფარებს,"- აღნიშნავს პარლამენტის წევრი

პაატა მანჯგალაძის განცხადებით კი, შეხვედრაზე ყველა ჯგუფისა და ყველა ფრაქციის წარმომადგენელი იყო წარმოდგენილი:

"გავდივართ საკითხებს, თუ რა უნდა იყოს ოპოზიციის დღის წესრიგის საკითხები, რომლეიც პარლამენტში უნდა იყოს დასმული. ყველა ჯგუფის წარმომადგენელი აქ იყო - ეს შემიძლია დავადასტურო. ასევე, ვიქნებით უფრო მეტნი, ვიდრე აქამდე ვიყავით ერთად,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე.

დღის ამბები