15 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
"ამ ვიზიტების შედეგი შეიძლება აღვწეროთ ერთი სიტყვით - სრული პოლიტიკური კრახი" - ოპოზიცია ხელისუფლების წარმომადგენელთა ვიზიტებს აფასებს

ხელისუფლების წარმომადგენელთა ვიზიტების შეფასება პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა. ოპოზიცია ბრიუსელში, პრაღასა და სტრასბურგში გამართულ შეხვედრებს წარუმატებლად აფასებს და აცხადებს, რომ ევროპელ ლიდერებს საქართველოს პროგრესზე არ უსაუბრიათ.

"ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი ოფიციალურ ვიზიტებს - "სრულ პოლიტიკურ კრახს" უწოდებს.

"ამ ვიზიტების შედეგი შეიძლება აღვწეროთ ერთი სიტყვით - სრული პოლიტიკური კრახი. სამწუხაროდ, ვნახეთ, რომ არცერთი შეხვედრის შემდეგ - არც პრემიერის, არც საგარეო საქმეთა მინისტრის, არც პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტების შედეგად, ვერ მოვისმინეთ ვერცერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადება, რომელიც დღეს ამ ქვეყანას სჭირდება. ერთადერთი შეფასება რაც კეთდება, არის მოწოდება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეასრულოს 12-პუნქტიანი გეგმის მოთხოვნები. ამიტომ, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ხელისუფლებას, შეწყვიტეთ ევროპული მომავლის საბოტაჟი," - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე კი ხელისუფლებას ურჩევს "გააკონტროლოს მესიჯები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ."

"ჩვენ ვართ 21-ე საუკუნეში და შიდა მოხმარებისთვის ცალკე მესიჯები და გარე შეხვედრებისთვის სხვა ტიპის მესიჯები არ მუშაობს. ჩვენმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რა ხდება ქვეყნის შიგნით, როდესაც "ქართული ოცნება" მკვეთრად ანტიდასავლურ კამპანიას ეწევა და კრემლის მსგავსი გზავნილებით წარდგება საკუთარ ამომრჩეველთან, ეს იციან ჩვენმა პარტნიორებმა. ამიტომ შეკითხვები არსებობს და ვურჩევდი "ქართულ ოცნებას", გააკონტროლოს მესიჯები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ," - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

დღის ამბები