15 ნოემბერი 2024,   06:09
ვრცლად
პრემიერის ბრიუსელში ვიზიტი წარმატებული იყო, რისი დემონსტრირებაცაა უმაღლეს დონეზე გაკეთებული შეფასებები, ოპოზიცია ცდილობს, ეს წარმატება გადაფაროს - მიხეილ სარჯველაძე

ოპონენტების განცხადებას - ხელისუფლების წარმომადგენელთა ვიზიტების შესახებ - დეზინფორმაციად და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებლად აფასებს მმართველი გუნდი.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამბობენ, რომ ევროპულმა მხარემ ვიზიტი, ისევე, როგორც რეფორმების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ყველა შეხვედრაზე დადებითად შეაფასა.

"ოპოზიცია საზოგადოებას აჩვენებს იმას, რომ მისთვის ცალსახად მიუღებელია საქართველოს წინსვლა და პროგრესი ევროატლანტიკურ სივრცეში, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში. ისინი ამაში საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგო პროცესებს ხედავენ და გამოდიან მხოლოდ ინდივიდუალური, ვიწროპარტიული ინტერესებიდან, რომლის მიზანიც არის საქართველომ პროგრესს არ მიაღწიოს იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს ხელისუფლება "ქართული ოცნება," - განაცხადა გივი მიქანაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით კი, პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტი წამატებული იყო, რასაც უმაღლეს დონეზე გაკეთებული შეფასებებიც ადასტურებს.

სარჯველაძის თქმით, ოპოზიცია ცდილობს, ქვეყნის წარმატება გადაფაროს და აქცენტი სრულიად სხვა საკითხზე გადაიტანოს.

"პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ერთმნიშვნელოვნად წარმატებული იყო. ამის დემონსტრირებაა, მათ შორის, რა განცხადებებიც გააკეთა სტოლტენბერგმა და რა შეფასებებიც გაკეთდა უმაღლეს დონეზე. რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, რასაც ოპოზიცია ამბობს, ეს არის მართლაც ძალიან არასერიოზული მცდელობა, ის დიდი წარმატება, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, გადაიფაროს, მათ შორის, ისეთი მკვახე განცხადებებით, როგორიც კეთდება, მაგალითად, ჩაშლილ ბრიფინგთან დაკავშირებით, რომელიც ბევრი მითით შეიმოსა ამ ხნის განმავლობაში. ყურადღება გადასატანია მთავარ საკითხზე, რომ ნატო-ს უმაღლესი თანამდებობის პირი აკეთებს ისეთ შეფასებებს, როგორსაც აკეთებს და ამის გადასაფარად ხდება აქცენტის სრულიად სხვა საკითხებზე გადატანა, რაც ცოტა არასერიოზულად გამოიყურება," - განაცხადა სარჯველაძემ. 

დღის ამბები