სტრასბურგში ქართული დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. დეპუტატები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიასა და საკომიტეტო განხილვებში მონაწილეობენ. ერთ-ერთ მთავარი შეხვედრა "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს დღეს აქვს დაგეგმილი ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან, რომელთაც რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნეს.
სტრასბურგში ვიზიტის ძირითად მიმართულებად, ქართული მხარე 12 პუნქტის შესრულებასა და კანდიდატის სტატუსის მოლოდინს ასახელებს.
"განსაკუთრებული აქცენტი გვაქვს აღებული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტის წევრებზე, მათთან მიმდინარეობს კომუნიკაცია, სადაც დეტალურად გვაქვს ინფორმაციის მიწოდება იმის თაობაზე, თუ რა ხარისხით და როგორ ახორციელებს საქართველო ნაკისრ ვალდებულებებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ეს ყველაფერი მიუთითებს ერთადერთზე, რომ საქართველოს ხელისუფლების ურყევი პოზიციაა, როგორც ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილისა, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს "ნატო"-სა და ევროკავშირის წევრი", - განაცხადა გივი მიქანაძე.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას განცხადებით, ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებთან ექნებათ შეხვედრა, რომლებთანაც გარკვეულ საკითხებზე დეტალური საუბარი ექნებათ.
"ჩვენ დღეს, შეხვედრა გვექნება ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებთან, რომლებიც საქართველოში რამდენიმე კვირის წინ იყვნენ. არის საკითხები, რომლებზეც დეტალურად გვექნება საუბარი. კერძოდ, ვისაუბრებთ 12 რეკომენდაციის შესრულება, რეფორმები რომლებსაც ჩვენ ვატარებთ, სასამართლო ხელისუფლებაში მიმდინარე რეფორმები, ასევე დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი და ამ კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში გავაცნობთ მათ ჩვენს გეგმებს. ასევე, საუბარი გვექნება იმ ვადებზე, რა ვადებიც გვაქვს რეფორმების შესრულების თვალსაზრისით. როგორც იცით, ჩვენი მოლოდინია დაჩქარებული ვენეციის კომისიის დასკვნის პირობებში, ჩვენ შევძლებთ ივნისის ბოლომდე ამ კანონების მიღებას", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.