"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) სოციოლოგიური კვლევის სანდოობა ამჯერადაც განხილვის მთავარ თემაა. გამოკითხვას მმართველი პარტია უნდობლობას უცხადებს. "ქართული ოცნებისთვის" პოლიტიკური რეიტინგების შედეგები რეალობას აცდენილი და არადამაჯერებელია. ოპოზიციის დაბალი მაჩვენებლების გათვალისწინებით კი არ გამორიცხავენ, რომ პოლიტიკურ პარტიებს დესტაბილიზაციის სურვილი უფრო მეტად გაუჩნდეთ.
IRI-ის კვლევის შედეგებით უკმაყოფილოა ოპოზიციის ნაწილი. პარტიების უმეტესობას გამოკითხულთა მხოლოდ 2 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს. სწორედ ამიტო,მ მშრომელთა პარტიის ლიდერი ამერიკის სასამართლოში სარჩელის შეტანას და ჩივილს გეგმავს.
გამოკითხვაზე წერილი გამოაქვეყნა ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა. ის მიიჩნევს, რომ IRI-ის კვლევები გაყალბებულია. ფილოსოფოსი იმ მიზეზებსაც განმარტავს, თუ რატომ ხდება კვლევის შედეგებით მანიპულირება. ოპოზიცია თვლის, რომ შათირიშვილი საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას ცდილობს.
მმართველი პარტიის ლიდერის განცხადებით კი, შემაშფოთებელი და სამწუხაროა, რომ კვლევები რეალობას აცდენილია. ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2024 წლის არჩევნების ლეგიტიმაციის დაყენება ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური ბრძოლის მთავარ იარაღად იქცეს.
"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" კვლევა გუშინ გამოქვეყნდა. პირისპირ ინტერვიუს გზით სულ 1500-რესპონდენტი გამოიკითხა. შედეგები კი ასე განაწილდა: პოლიტიკური რეიტინგების მიხედვით "ქართული ოცნება" 19%-ით გამოკითხვაში ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილზე 14%-იანი მხარდაჭერით "ნაციონალური მოძრაობაა". გამოკითხულთა 39 პროცენტმა თქვა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას არ მისცემდა.