15 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
ძალიან კარგია, რომ "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი შემცირდა, რადგან ეს პარტიები ერთი მედლის ორი მხარეა და მათ ლევან მურუსიძე კრავთ - ალეკო ელისაშვილი IRI-ის კვლევის შედეგებზე

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი IRI-ის კვლევის მიხედვით მიღებულ პოლიტიკურ რეიტინგებს აფასებს. როგოც ელისაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგის შემცირება კარგია, რადგან ეს პარტიები ერთი მედლის ორი მხარეა და მათ ლევან მურუსიძე კრავთ, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" შექმნა, "ქართული ოცნება" კი თავზე ხელს უსვამს.

როგორც ელისაშვილმა "ღამის კურიერში" განაცხადა, IRI-ის კვლევამ აჩვენა, რომ საზოგადოებაში ევროკავშირისა და "ნატო"-ს მიმართ მხარდაჭერა გაზრდილია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ "ქართული ოცნების" ანტიდასავლური კამპანია ჩაფლავდა.

"2% დიდი ვერაფერი ბედენაა და თავს დიდად ვერ მოვიწონებ, მაგრამ ბოლო პერიოდში ჩვენი რეიტინგი იყო 1% და თუ ვინმეს 100%-იანი ზრდა აქვს, მაგ კვლევების მიხედვით ჩვენ გვაქვს. რა თქმა უნდა, 2% არ არის ის რაც ჩვენ გვინდა. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი პარტიის რეიტინგი გაიზრდება, თუმცა 2 წელია ჩვენი ლანძღვის გარდა, არც ოპოზიციას და არც ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია. ამის მიუხედავად, თანდათან ხალხი ხვდება, რომ ჩვენი პოზიცია იყო სწორი და თანმიმდევრული. 

ამ კვლევაში ჩვენ პარტიულ რეიტინგს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია მანდ რამდენიმე მომენტი. "ქართულ ოცნებას" ჩაუფლავდა ძალიან საძაგელი ანტიდასავლური კამპანია, რასაც ეწეოდა. ეს საძაგელი მესიჯები, თითქოს, ევროპა და ამერიკა დაგვდევენ, რომ როგორმე ომში ჩაგვრთონ. ეს არის აბსურდი, აბსოლუტური ბოდვა. კვლევის მიხედვით ვნახეთ, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა საზოგადოებაში გაზრდილია, გაზრდილია "ნატო"-სადმი მხარდაჭერა, ხალხმა აჩვენა ადეკვატური რეაქცია და ეს მე ძალიან მომწონს. გულის ამრევი იყო რასაც ამ ერთი წლის განმავლობაში უკრაინასთან მიმართებაში კადრულობდა "ქართული ოცნება", დასავლეთთან მიმართებაში კადრულობდა, ჩვენი მეგობრების მიმართებაში კადრულობდა. ასევე, ძალიან კარგია, რომ "ქართული ოცნების" რეიტინგი შემცირდა და ძალიან კარგია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი შემცირდა, რადგან მე ღრმად მწამს, რომ ერთი მედალია, სადაც ერთ მხარეს მონეტა არის ლურჯი და აწერია 41 ნომერი, რომ ამოატრიალებ არის წითელი და აწერია 5 ნომერი, ამათ აერთიანებს და კრავს ლევან მურუსიძე, რომელიც იმათ შექმნეს და ესენი თავზე ხელს უსვამენ და ეფარებიან", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები