ბუდაპეშტში საქართველოს ვიცე-პრემიერის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანისა და უნგრეთის ვიცე-პრემიერ ჟოლტ შემიენის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საქართველოს ელჩი უნგრეთში თამარ ლილუაშვილი.
თეა წულუკიანმა და ჟოლტ შემიენმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები და გეგმები განიხილეს როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში, ასევე ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
თეა წულუკიანმა ქართველი ხალხისა და მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა უნგრეთის ვიცე-პრემიერს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც, თავის დროზე, უნგრეთმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღების პროცესში ჩვენს ქვეყანას გამოუცხადა.
უნგრეთის ვიცე-პრემიერმა კულტურის მინისტრს კვლავაც დაუდასტურა მხარდაჭერა და გამოხატა მზადყოფნა, მხარი აქტიურად დაუჭიროს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
შეხვედრის დასასრულს ორივე მხარემ განაცხადა, რომ მზად არიან წარმატებული თანამშრომლობისთვის.