საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები.
ყურადღება დაეთმო ორმხრივ სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას და ხაზი გაესვა ამ მიმართულებით კავშირების შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობას. საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მიესალმება პოლონეთის მხარდამჭერ განცხადებებს ყველა შესაძლო ფორმატში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. პოლონელი დიპლომატი საქართველოს პრეზიდენტსაც შეხვდა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ აცხადებს, რომ სამუშაო ვიზიტი თბილისში დიპლომატიური და პოლიტიკური ინტენსიური კომუნიკაციის ელემენტი და გამოხატულებაა.
"მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი წევრობა ევროკავშირსა და ნატოში არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ტრანსატლანტიკური გაერთიანების ინტერესშიცაა. ევროპისთვის ეს არის შანსი და არა საფრთხე. იმისთვის, რომ ეს შანსი გამოვიყენოთ და საქართველომ შეძლოს შემდგომი ნაბიჯის გადადგმა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ, აუცილებელია გაფართოებაში მონაწილე ყველა მხარის - როგორც ევროპული და ტრანსატლანტიკური ინსტიტუტების, ისე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს საზოგადოების ჩართულობა და ძალისხმევა.
ჩემი დღევანდელი სამუშაო ვიზიტი თბილისში დიპლომატიური და პოლიტიკური ინტენსიური კომუნიკაციის ელემენტი და გამოხატულებაა. მისი მიზანია საქართველო-პოლონეთის ტრადიციული მეგობრული სულისკვეთებით განვიხილოთ გამოწვევები, პრობლემები და შანსები, ასევე, პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობები, მათ შორის, პოლონეთის ჩართულობა გამოსავლის ძიების პროცესში. მიმდინარე კვირაში, მინისტრი დარჩიაშვილი გახლდათ საპატიო სტუმარი ევროსაბჭოში.
ამიტომ, დღეს ჩვენს შორის წარმართული საუბრები ბუნებრივია და აშკარაა, რომ არის კონსულტაციების გაგრძელება და ეხება, როგორც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციის პრობლემატიკას, ასევე ევროპის უსაფრთხოებას, ვილნიუსის ნატოს სამიტის კონტექსტში. ასევე განვიხილეთ ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის სიტუაცია. ყველა ამ საკითხში პოლონეთი ცდილობს იპოვოს კონსტრუქციული გამოსავალი და გაუწიოს საქართველოს ყველა შესაძლო დახმარება.
ვინაიდან, ღრმად გვჯერა, რომ პოლონეთ- საქართველოს თანაქმედება ახორციელებს ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესებს, როგორც ჩვენი ქვეყნების, ევროპის, ასევე თავისუფალი მსოფლიოს საზოგადოებისას,"- აცხადებს ზბიგნევ რაუ.