კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკითხის გარკვევამდე, ოპოზიციის ნაწილი გეგმას ამუშავებს. პოლიტიკური პარტიები ევროკომისიის პასუხამდე 8 თვით ადრე წინასწარ ამტკიცებენ, რომ ქვეყანა უარს მიიღებს და სწორედ ამ უარზე აგებენ სამოქმედო სტრატეგიასაც. ამბობენ, რომ ეს ფაქტი, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საფუძველი უნდა გახდეს. სახელისუფლებო გუნდში ოპოზიციის წინასწარ განწყობებს "პოლიტიკურ მავნებლობას" უწოდებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი პოზიციების გაჟღერება დესტაბილიზაციისა და პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარების მცდელობაა.
"თუ მოხდა ისე, რომ ეს სტატუსი საქართველომ ვერ მიიღო, ეჭვიც არ მეპარება, რომ არჩევნები ჩატარდეს უფრო ადრე" - ვადამდელი არჩევნების მოლოდინი "ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტსაბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ამ განცხადებამ უფრო გაამძაფრა. თანაპარტიელები კობა ნაყოფიას მოსაზრებას იზიარებენ და პროცესის სხვაგვარად განვითარების შესაძლებლობა ვერც წარმოუდგენიათ. იმავეს ფიქრობენ "სტრატეგია აღმაშენებელშიც".
"პოლიტიკური შეცდომა" - ასე შეაფასეს ოპოზიციის ნაწილის გეგმა სხვა ოპოზიციურ პარტიებში. ვადამდელი არჩევნების საკითხის ამ ფორმით დაყენება მათთვის არასწორი მიდგომაა. ასევე გაუგებარია, რატომ ნერგავს ზოგიერთი პარტია საზოგადოებაში წინასწარ ნეგატიურ განწყობას, როცა სტატუსის მისაღებად საჭირო სამუშაოსთვის საკმარისი დროა დარჩენილი.
საპარლამენტო უმრავლესობისთვის, ოპონენტების ნაწილის დამოკიდებულება უცხო არ არის. ისინი ამბობენ, რომ ოპოზიციამ უკვე გადადგა ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი ნაბიჯები და ახლა შედეგს ელოდებიან.
ევროკომისიისგან ევროპული პერსპექტივა საქართველომ გასულ წელს მიიღო. 2023 წლის ბოლოს კი ქვეყანა ელოდება გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.