თბილისში პოლონეთის საგარეო უწყების პირველი პირი იმყოფება. საქართველო- პოლონეთის მეგობრულ ურთიერთობებს, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ისტორიული წარსული აქვს.
უახლოესი წარსული და პოლონეთი-საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა რუსული იმპერიის წინააღმდეგ გაიხსენა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმაც. ზბიგნევ რაუ როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში ღია კარის პოლიტიკის პრაქტიკული განხორციელების მომხრეა.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და 12 პუნქტის შესრულების პროცესი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები, ქართველმა და პოლონელმა დიპლომატებმა პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების ფორმატში, სწორედ ამ საკითხებზე იმსჯელეს. ისაუბრეს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზეც.
პოლონეთსა და საქართველოს შორის არსებული სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ზბიგნევ რაუმ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრისას და აქვე, ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურისა და პოლონეთის პირველი დიპლომატის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების გზაზე პოლონეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა იყო.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მიესალმება პოლონეთის მხარდამჭერ განცხადებებს ყველა შესაძლო ფორმატში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.
რეგიონში არსებული გამოწვევები და შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების საკითხზე ისაუბრა პოლონელმა დიპლომატმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის მიმდინარეობისას. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში პოლონეთის მხარდაჭერას ხაზი ორბელიანების სასახლეშიც გაესვა.
პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დედაქალაქს გუშინ ეწვია.