15 ნოემბერი 2024,   06:06
ვრცლად
როდესაც გამოდიან კონგრესმენები და დეპუტატები და მხარს უჭერენ მიხეილ სააკაშვილს, ესეც ლობიზმის შედეგია?! - პეტრე ცისკარიშვილი

ექიმების დასკვნები, სტატიები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის რთულ მდგომარეობასა და საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე - რა სამუშაო შეასრულეს ექსპრეზიდენტის მიერ დაქირავებულმა ლობისტურმა კომპანიებმა - სწორედ ეს დოკუმენტაცია გამოქვეყნდა შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე.

მასალებით ირკვევა, რომ საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებული სტატიების უმრავლესობა მომზადებული და გამოქვეყნებულია კომპანიების "აკერმანის" და "გლობალფოინთის" დაკვეთით. ამასთან, დოკუმენტების ნაწილი მოიცავს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით იმ ექიმების დასკვნებს, რომლებიც "აკერმანმა" დაიქირავა.

აღნიშნული დასკვნები მომზადებულია ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ქართული მხარის მიერ 23 იანვარს მომზადებული დასკვნის პასუხად. სწორედ "ფარამ" გამოაქვეყნა ადრე იმ ორი კონტრაქტის შინაარსი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხარემ ლობისტურ კომპანიებთან გააფორმა - ერთის მიხედვით გადახდილი თანხა 917 ათასი დოლარია. აქედან, თანხის მესამედზე მეტი გადახდილია სამედიცინო დასკვნების მომზადებისთვის. ახალი დოკუმენტაცია უკვე გახდა პოლიტიკური დისკუსიის საგანი.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი ხაზს უსვამს, რომ არაერთ ისეთ საერთაშორისო მასშტაბის პოლიტიკოსს გაუკეთებია კომენტარი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელთა მოსყიდვის საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.

"კონგრესში, სენატში, ბრიტანეთის პარლამენტში როდესაც ტარდება მოსმენები, როდესაც გამოდიან კონგრესმენები და დეპუტატები და მხარს უჭერენ მიხეილ სააკაშვილს, მის გადარჩენას, მის ჰუმანიტარულ გადაყვანას ისეთ მულტიპროფილურ კლინიკაში, სადაც მისი გამოჯანმრთელება იქნება შესაძლებელი, ესეც ლობიზმის შედეგია? ეს ადამიანებიც მოსყიდულები არიან თქვენი გადმოსახედიდან?,"-აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ ლობიზმი სრულიად ლეგალური გზაა ამა თუ იმ საკითხის საერთაშორისო მედიის დღის წესრიგში დასადგომად.

"ლობიზმის ამოცანაც ეს არის, რომ საკითხი საერთაშორისო მედიის დღის წესრიგში იდგეს და ეს არის ლეგალური გზა, მათ შორის, შეერთებულ შტატებში. თუმცა, ეს არ ხნის იმ პრობლემას, რაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დგას და ამდენი ხნის მანძილზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, თუ არ გაუარესებულა და ეს მთავრობის პასუხისმგებლობაა,"- აცხადებს თეონა აქუბარდია.

პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი მიხეილ დაუშვილი კი ამბობს, რომ თავად ის ფაქტი, დაიქირავეს თუ არა კონკრეტული ექსპერტები ლობისტურმა კომპანიებმა, არაფერს ნიშნავს და საერთო სურათს არ ცვლის იქამდე, სანამ რომელიმე დასკვნის სინამდვილე კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგება.

"თავისთავად ის ფაქტი, რომ ლობისტური კომპანიების მიერ იყვნენ დაქირავებული ეს ექსპერტები, ეს არაფერზე მიუთითებს. თუ არსებობს ეჭვი და საფუძველი, იმისი მტკიცების, რომ ეს დასკვნები არ შეესაბამება სიმართლეს, ეს აბსოლუტურად სხვა რეალობაა და ამას სჭირდება დამტკიცება. სხვაგვარად, თავისთავად ის ფაქტი, რომ ლობისტურმა კომპანიებმა დაიქირავეს, არსებითად სურათს არ ცვლის,"-აცხადებს მიხეილ დაუშვილი.

დღის ამბები