პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანისთვის არ არის სიახლე, რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი საერთაშორისო მედიაში ინფორმაციის გასავრცელებლად ლობიზმს მიმართავს და ამაში ფულს იხდის.
დავითულიანი აღნიშნავს, რომ ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის თემა დიდი საერთაშორისო კამპანიის შედეგია და რეალურ საჭიროებებთან კავშირი არ აქვს.
"სიახლე არ არის, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციები ლობიზმის შედეგია. ამ ლობიზმში მისი ოჯახი ოფიციალურად იხდის თანხებს და ამას თვითონაც არ უარყოფენ. რაც შეეხება მისი ექიმების კონსილიუმის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნებს, ვერცერთი მისი უფლებადამცველი და ექიმი ვერ ამბობს, თუ რა დაავადებაა ისეთი, რომლისგანაც ის არ შეუძლიათ განკურნონ, იმ დაწესებულებაში, იმ საავადმყოფოში, რომელშიც ის დღეს იმყოფება. შესაბამისად, ეს ყველაფერი არის ერთი დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც საერთაშორისო დონეზე წარიმართება", - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აღნიშნავს, რომ აქტიური პიარკამპანიის მიუხედავად, პარტნიორი სახელმწიფოები ხვდებიან, რომ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში სახელმწიფოს დასადანაშაულებლად არანაირი მიზეზი არ არსებობს.
"სააკაშვილის პატიმრობა თავიდან ბოლომდე და მოგონილი ამბები - მოწამვლის, მისი საპატიმრო უფლებების დარღვევის და ა.შ. ყველაფერი ამ თემასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო პიარის პროდუქტი და მას არაფერი ჰქონდა საერთო ჭეშმარიტებასთან, ეს მგონი ყველასთვის ნათელი გახდა. სამწუხაროა, მაგრამ არსებობს შესაძლებლობა პიარით, სიმართლე განსხვავებულად წარმოჩინდეს. ეს პრობლემურია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ასე არასწორად მიწოდებული ინფორმაცია ვერასდროს ვერ იქნება მუდმივი და ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი აშკარავდება. მიუხედავად დიდ მცდელობებისა, შეექმნათ არასწორი, დამახინჯებული შთაბეჭდილება სააკაშვილის საპატიმრო უფლებებთან დაკავშირებით საზღვარგარეთ, პარტნიორი ქვეყნებისთვის და ა.შ, რეალურად კრახს განიცდის, რადგან ყველა ხვდება ამერიკულ შეერთებულ შტატებში, ევროპულ სახელმწიფოებში, რომ სახელმწიფოს დასადანაშაულებლად არანაირი მიზეზი არ არსებობს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, რომ ექიმების დასკვნები, სტატიები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის რთულ მდგომარეობასა და საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე - რა სამუშაო შეასრულეს ექსპრეზიდენტის მიერ დაქირავებულმა ლობისტურმა კომპანიებმა - სწორედ ეს დოკუმენტაცია გამოქვეყნდა შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე. მასალებით ირკვევა, რომ საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებული სტატიების უმრავლესობა მომზადებული და გამოქვეყნებულია კომპანიების "აკერმანის" და "გლობალფოინთის" დაკვეთით.
ამასთან, დოკუმენტების ნაწილი მოიცავს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით იმ ექიმების დასკვნებს, რომლებიც "აკერმანმა" დაიქირავა. აღნიშნული დასკვნები მომზადებულია ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ქართული მხარის მიერ 23 იანვარს მომზადებული დასკვნის პასუხად. სწორედ "ფარამ" გამოაქვეყნა ადრე იმ ორი კონტრაქტის შინაარსი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხარემ ლობისტურ კომპანიებთან გააფორმა - ერთის მიხედვით გადახდილი თანხა 917 ათასი დოლარია. აქედან, თანხის მესამედზე მეტი გადახდილია სამედიცინო დასკვნების მომზადებისთვის.