პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ოპოზიციის შეხვედრა თითქმის 2 საათი გაგრძელდა. როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, ძირითადად ისაუბრეს იმაზე თუ როგორ სრულდება ქვეყანაში ევროპის 12 დათქმა.
მათ გაუზიარეს პოლონელ დიპლომატს საკუთარი შეფასება, რომ რეკომენდაციების დიდი ნაწილი შეუსრულებელი რჩება. ამასთან, პარტიებმა ყურადღება გაამახვილეს მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას საკითხებზე.
"ძალიან საინტერესო და სასარგებლო დისკუსია გვქონდა ბატონ მინისტრთან. რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, ნატოში გაწევრიანებას, მის პერსპექტივებს. აქ ძალიან ბევრი ფაქტორია, ძალიან ბევრი ტაქტიკური ნაბიჯია, მათაც აინტერესებთ ის მოცემულობა, რაც შეიძლება იყოს წლის ბოლოსთვის საქართველოში და ჩვენგან მოისმინეს ბევრი საინტერესო მოსაზრება, თუ საით უნდა წავიდეს ქვეყანა, როგორი რეფორმები უნდა გატარდეს გადაწყვეტილების მიღებამდე და გადაწყვეტილების მიღების შემდგომ," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კი აცხადებს, რომ პოლონეთის მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, აქტიურად ჩაერთოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში.
"ჩვენი სათქმელი და პოლონეთის საგარეო მინისტრის პასუხი დაემთხვა ერთმანეთს - პოლონეთს გადაწყვეტილი აქვს, კიდევ უფრო აქტიურად და უპრეცედენტოდ აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში, რასაც ჰქვია საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. პოლონეთის მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, კანდიდატის სტატუსის საკითხის გადაწყვეტამდე დარჩენილ დროში ძალიან აქტიური იყოს ამ პროცესში. პოლონეთის სახით, ქართველ ხალხს, საქართველოს, ჰყავდა და ეყოლება ამ პროცესში ძალიან სერიოზული მხარდამჭერი,"- აცხადებს უსუფაშვილი.
"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია კი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ პოლონეთი საქართველოს ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე.
"მე ვერაფერს ვერ და არ გეტყვით იმის თაობაზე, რა არის პოლონეთის პოზიცია - ამას თავად იტყვის პოლონეთის ხელისუფლება და არ არის კორექტული ჩემგან. მათი საჯარო პოზიცია ცნობილია - ეს არის წლების განმავლობაში და ახლაც საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი ქვეყნის, ჩვენი მეგობარი ქვეყნის სუვერენიტეტის, ნატოში გაწევრიანების გზაზე და ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ მნიშვნელოვანი ფიგურის ვიზიტი, ჩვენი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ დღეს არ გვყავს მთავრობა, რომელიც ასეთი მეგობრების მხარდაჭერით ისარგებლებს ან სურს, რომ ისარგებლოს,"-აცხადებს გიგა ბოკერია.