პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე აცხადებს, რომ "რადიკალურმა ოპოზიციამ" პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. მისი შეფასებით, ოპოზიციას 12 პუნქტის არ შესრულებაზე საუბრის უფლება არ აქვს, რადგან თავად დეზინფორმაციის გავრცელების გარდა არაფერს აკეთებენ.
"რადიკალურმა ოპოზიციამ, მორიგ ჯერზე რეალობას 180 გრადუსით აცდენილი ინფორმაცია მიაწოდა ჩვენს პოლონელ პარტნიორებს. სამწუხაროა, მაგრამ ისინი აგრძელებენ იმ დამაზიანებელი პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც მათი ვიწრო ნარატივის შემადგენელი ნაწილია. რაც შეეხება 12 პუნქტის შესრულებას, მათ მორალური უფლება არ აქვთ, რომ რაიმე თქვან, როდესაც თვითონ არაფერი გაუკეთებიათ ზიანის მიყენების და დეზინფორმაციის გავრცელების გარდა,"- განაცხადა გივი მიქანაძემ.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი ამბობს, რომ ოპოზიციას არ სურს საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რათა ეს ფაქტი შემდგომში პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ.
"ოპოზიციას აქვს თავისი დღის წესრიგი, მას არ სურს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და სურთ, რომ ეს პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მკაფიოდ თქვა, რომ ისევე როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, ასევე ევროკავშირს არანაკლებ სჭირდება საქართველო. ჩვენი სტრატეგიული განთავსებიდან გამომდინარე, ჩვენი დანიშნულებიდან გამომდინარე, ეს არის სწორი შეფასება და მე იმედი მაქვს, რომ პოლონეთის მხარდაჭერა ექნება საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას," - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ოპოზიციის შეხვედრა თითქმის 2 საათი გაგრძელდა. როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, ძირითადად ისაუბრეს იმაზე თუ როგორ სრულდება ქვეყანაში ევროპის 12 დათქმა. მათ გაუზიარეს პოლონელ დიპლომატს საკუთარი შეფასება, რომ რეკომენდაციების დიდი ნაწილი შეუსრულებელი რჩება. ამასთან, პარტიებმა ყურადღება გაამახვილეს მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას საკითხებზე.