15 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
უპასუხისმგებლო მავნებლობაა საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ იმ პოლიტიკოსების სპეკულაციები, რომლებიც საუბრობენ, თითქოს საქართველო არ გამოხატავს უკრაინისადმი შესაბამის მხარდაჭერას - ირაკლი ჩიქოვანი

უპასუხისმგებლო მავნებლობაა საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ იმ პოლიტიკოსების სპეკულაციები, რომლებიც საუბრობენ, თითქოს საქართველო არ გამოხატავს შესაბამის მხარდაჭერას უკრაინასთან მიმართებაში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დელეგაცია ადგილზე არ იმყოფებოდა და მხოლოდ ამიტომ არ არის დაფიქსირებული საქართველოს დელეგაციის ხმა, თუმცა, ამ რეზოლუციას დელეგაციამ მხარი დაუჭირა საკომიტეტო მოსმენაზე, როდესაც ის იხილებოდა მიგრაციის კომიტეტში.

მისივე თქმით, საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე არაერთხელ იყო უკრაინის მხარდამჭერი და თანაავტორი იმ მნიშვნელოვანი დოკუმენტებისა, რომელიც ეხმარება უკრაინას და კვლავაც გააგრძელებს მხარდაჭერას.

"ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რეზოლუციას, რომელიც განიხილებოდა უკრაინის ბავშვებთან მიმართებაში, საქართველოს დელეგაციამ მხარი დაუჭირა საკომიტეტო მოსმენაზე. ჩვენ არ ვიმყოფებოდით მაშინ, როდესაც ეს განიხილებოდა პლენარულ სხდომაზე და შესაბამისად, ჩვენი ხმები ამიტომ არ ფიქსირდება. ტყუილია, რომ საქართველოს დელეგაციამ მხარი არ დაუჭირა, ზუსტად ანალოგიურად, 20-მდე დელეგაციაა, რომლის პოზიციაც ასევე არ ყოფილა გამოხატული პლენარულ სხდომაზე, მაგრამ შეუძლებელია ჩვენ ვივარაუდოთ, რომ ამ დელეგაციებს მხარი არ დაუჭერიათ, ან არ იზიარებენ ამ პოზიციას. მარტივი მაგალითისთვის რომ გითხრათ, ასეთი დელეგაციებია თუნდაც დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის დელეგაცია და ბევრი სხვა ევროპული დელეგაცია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ ძალიან მოკლე, ნახევარ დღიანი ტყუილის ხარჯზე ცდილობენ, საზოგადოებაში გამოიწვიონ უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ, რაც რეალურად არ გამოუვიდათ. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უზრუნველყოს უკრაინისთვის მხარდაჭერა. არა ერთხელ მითქვამს და კიდევ ვიტყვი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ათზე მეტი რეზოლუციაა, რომელსაც საქართველომ დაუჭირა მხარი და მხარს დაუჭერს უკრაინას მომავალშიც," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღის ამბები