15 ნოემბერი 2024,   06:07
ვრცლად
საქართველოს 24 000-მდე მოქალაქეს რუსეთმა 130 მილიონამდე კომპენსაცია უნდა გადაუხადოს - შეფასებები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

130 მილიონი ევრო რუსეთმა საქართველოს 24 ათასამდე მოქალაქეს, აგვისტოს ომის საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა გადაუხადოს. სტრასბურგმა თქვა, რომ 2008 წლის აგვისტოში, ოკუპანტმა ქვეყანამ საქართველოს მოსახლეობის უფლებები დაარღვია. საუბარია მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედრო ტყვეების მკვლელობის, წამების, თავისუფლების თვითნებურ აღკვეთასა და ძარცვის საქმეებზე.

სტრასბურგის სასამართლოს ამ ვერდიქტს, წინ საქართველოს მხრიდან არაერთი მტკიცებულების წარდგენა უძღოდა. იუსტიციის სამინისტროში ამბობენ, რომ უწყებამ ბოლო სამართლებრივი არგუმენტაცია რუსეთის ბრალეულობის დასადასტურებლად გასული წლის იანვარში წარადგინა.

ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება პოლიტიკური შეფასებების საგანიცაა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხანგრძლივი ბრძოლის მიუხედავად, საქართველომ მაინც მოახერხა რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი გამარჯვების მოპოვება და საერთაშორისო დონეზე, საკუთარი სიმართლის დამტკიცება.

"ქართული ოცნების" თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების ინტერესებზეა კონცენტრირებული. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს საქართველოს მთავრობის მორიგი გამარჯვებაა.

2021 წლის 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს სახელმწიფომ რუსეთის ფედერაციას 2008 წლის ომთან დაკავშირებული საქმე მოუგო. ქართული მხარე ამტკიცებდა, რომ 2008 წლის აგვისტოში, საქართველოსთან შეიარაღებული კონფლიქტის დროს, რუსეთის ფედერაციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები დაარღვია. აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი 2008 წლის 11 აგვისტოს შევიდა.

დღის ამბები