ფოთის-ხობისა და სენაკის სამაჟორიტარო ოლქი ერთადერთია, სადაც შუალედურ არჩევნებზე ხელისუფლებას ოპოზიციიდან კონკურენტი ჰყავს. პარლამენტის მანდატისთვის "ქართულ ოცნებას" კახა კუკავას პარტია უპირისპირდება. ფოთში იმყოფება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჩიქოვანი, რომელმაც სპეციალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ არჩევნები ამ ეტაპზე მშვიდად ვითარებაში მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ის, რომ არ დგას სხვა კანდიდატი ოპოზიციის მხრიდან სხვადასხვა ოლქში, ნათლად მიანიშნებს, რომ რადიკალური ოპოზიცია არის გაკოტრებული:
"ფოთში-სენაკსა და ხობში არჩევნები ამ ეტაპზე მშვიდად ვითარებაში მიმდინარეობს. არანაირი შეფერხება არ არის იმ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს ინერგება ჩვენს მუნიციპალიტეტში. რა თქმა უნდა, დარწმუნებულები ვართ და არც არის დიდი კონკურენცია, რომ გიორგი იქნება მაჟორიტარი, მაგრამ ის, რაც ხდება დღეს აქ, რომ არ დგას სხვა კანდიდატი ოპოზიციის მხრიდან, ნათლად მიანიშნებს, რომ რადიკალური ოპოზიცია არის გაკოტრებული და ისინი ვერანაირ შეთავაზებას ვერ უკეთებენ საქართველოს მოქალაქეებს. ერთადერთი რაც შეუძლიათ მათ არის ის, რომ სადღაც ოთახებში დასხდნენ, დაწერონ კვლევები და ამით დაიწყონ მანიპულირება. თუმცა, ჩვენ - ხელისუფლება აუცილებლად გავაგრძელებთ პასუხისმგებლიან პოლიტიკას, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სახელმწიფოს ღირსებით ინტეგრაციას ევროკავშირში,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი.