აბსოლუტურად ყველა რეზოლუცია, რომელიც მიღებულია უკრაინასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, მხარდაჭერილია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მანიპულაციაა, თითქოსდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, საქართველო მხარს არ უჭერდა უკრაინელ ბავშვებთან დაკავშირებული რეზოლუციის მიღებას.
"მინდა გამოვეხმაურო გუშინდელ საკითხს, რომელიც უკავშირდება წმინდა წყლის მანიპულაციას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, თითქოსდა საქართველო მხარს არ უჭერდა უკრაინელ ბავშვებთან დაკავშირებული რეზოლუციის მიღებას.
მინდა გითხრათ, ის რაც გუშინდელიდან არის დაწყებული და ის განცხადებები, რომელსაც აკეთებენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი პოლიტიკოსები, არის წმინდა წლის მანიპულაცია, მავნებლობა. არა "ქართული ოცნების" წინააღმდეგ, არამედ საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ იმიტომ, რომ მათ კარგად იციან, რომ დელეგაცია არ იმყოფებოდა უბრალოდ მაგ პერიოდში ევროპის საბჭოში, დელეგაციას მხარი აქვს დაჭერილი ამ რეზოლუციისთვის საკომიტეტო მოსმენებზე და ისევე როგორც საქართველოს დელეგაციას, ასევე არ აქვს ამ რეზოლუციისთვის მხარი დაჭერილი 20-ზე მეტ სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენელს საპარლამენტო ასამბლეაში. მათ შორის გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, საბერძნეთს, ესტონეთს. ვივარაუდოთ, რო ეს სახელმწიფოები არ უჭერენ მხარს უკრაინას? ეს არის წმინდა წყლის სიცრუე, ეს არის ნახევარდღიანი ტყუილი, რომლითაც ცდილობენ ყურადღების მიპყრობას, რომლითაც მათ სხვა არანაირი შინაარსი არ გააჩნიათ.
აქვე გეტყვით იმისაც, რომ საქართველოს 10-ზე მეტი რეზოლუცია, ანუ აბსოლუტურად ყველა რეზოლუცია, რომელიც მიღებულია უკრაინასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, აქვს მხარდაჭერილი ხელისუფლების წარმომადგენლებს. მათ შორის არის რეზოლუციები, რომელზეც ოპოზიციის ხმები საერთოდ არ არსებობს,“ - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.