15 ნოემბერი 2024,   05:19
ვრცლად
ოპოზიციამ ვერ გაგვიბედა, რომ შუალედურ არჩევნებში კონკურენტები დაეყენებინა - დღეს ამომრჩეველთა რაოდენობა იქნება იმაზე მეტი, ვიდრე IRI-იმ „ქართულ ოცნებას“ დაუწერა - მამუკა მდინარაძე

საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.

7 საათია მოქალაქეები საარჩევნო უბნებზე, საკუთარ არჩევანს აკეთებენ. საზოგადოება ირჩევს - პარლამენტის, ფოთი-სენაკი ხობის მაჟორიტარ დეპუტატს. გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს. ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს. 165 საარჩევნო უბანი დილის 8 საათიდან გაიხსნა, მათ შორის თერჯოლაშიც, სადაც საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. თერჯოლაში იმყოფება "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რომელმაც არჩევნების მიმდინარეობის პროცესი შეაფასა:

"ძალიან სამწუხაროა, რომ თერჯოლაში მანუჩარს კონკურენტი არ ჰყავს, ეს ძალიან ცუდია, რადგან ამ შემთხვევაში უფრო კარგად გამოჩნდებოდა ბევრი რაღაც. მანუჩარს წინასწარვე შეგვიძლია წარმატებები ვუსურვოთ, მას გამარჯვება გარანტირებული აქვს. ის თავის დროზე აირჩია ჩვენმა უახლოესმა ადამიანმა ლაშა გოგიაშვილმა - უკარგესმა მენეჯერმა, რომელმაც ეს ყველაფერი დაამტკიცა. დღეს, მანუჩარი თერჯოლელების ნდობას კიდევ ერთხელ მოიპოვებს. 

სატესტო რეჟიმში, ის ახალი ტექნოლოგია, რომელსაც ჩვენ კანონმდებლობით ვნერგავთ, წარმატებით მიდის. თუკი რაიმე ხარვეზი იქნება ამ მიმართულებით, ეს ბუნებრივია ჩვენ გამოგვადგება შემდგომ პერსპექტივაში ამ ხარვეზების დასახვეწად. ხაზგასმით ვამბობ, რომ ამომრჩეველთა რაოდენობა იქნება იმაზე მეტი, ვიდრე IRI-მ "ქართულ ოცნებას" პროცენტი დაუწერა და დღეს ეს მოხდება უკონკურენტო არჩევნებში, სადაც პრაქტიკულად "ქართულ ოცნებას" ვერ გაუბედეს კონკურენტები დაეყენებინათ. ეს პარადოქსი, რომელსაც ისინი კადრულობენ, როგორღაც გვერდზე უნდა გადაწიონ. კვლევების ჩამტარებელი ხელმძღვანელობა უნდა დაფიქრდეს კარგად თუ რასთან აქვს საქმე, როდესაც ასეთი მტკიცებულებები ჩნდება და ასევე, ჩნდება  კვლევები, რომლებიც 30%-იანი ცდომილებით არის ხოლმე გაყალბებული,"- აცხადებს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.

 

დღის ამბები